გვარამიას თქმით, 8 ოპოზიციონერის საქმეზე 25 ივნისს ჩანიშნული პროცესი 11 ივნისს "გადმოინიშნა"
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ცნობით, 8 ოპოზიციონერის საქმეზე 25 ივნისს ჩანიშნული პროცესი 11 ივნისს "გადმოინიშნა"
საინტერესოა ხომ, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის დადგომის პარალელურად, საბოტაჟის სამარცხვინო საქმე რომ დაჩქარდა? - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
საინტერესოა ხომ, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის დადგომის და მოლაპარაკებების დაწყების პარალელურად, საბოტაჟის სამარცხვინო და გამოგონილი საქმე, სადაც ლამის მთელი ქართული პოლიტიკური ლიდერშიპი სამართლდება, რომ დაჩქარდა?
25 ივნისს ჩანიშნული პროცესი პროკურატურის მოთხოვნით "უცაბედად" 11 ივნისს გადმოინიშნა. და ეს იმ ქვეყანაში, სადაც პროცესები უსასრულოდ იწელება, მით უმეტეს, ზაფხულში. და ეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირი მოლაპარაკების მთავარ ნაწილად ადამიანის უფლებების პრობლემას მიიჩნევს და მნიშვნელოვან წილად სწორედ ამაზე "ჰკიდია" უვიზო მიმოსვლის ბედი.
ახლა თქვენ თავად გადაწყვიტეთ, სინამდვილეში, რა უნდა და რას აპირებს ქართული ოცნება", - წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ადგენს, ვისი დამსახურებით დაედო სანქციები "ოცნების" 200-ზე მეტ მაღალჩინოსანს.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.