არაადამიანური მოპყრობა პოლიციაში - სახალხო დამცველი "მელაძის შაბათის" ანონს ეხმაურება
სახალხო დამცველი "მელაძის შაბათის" ანონსში გასულ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრებს ეხმაურება, რომელიც პოლიციის განყოფილებაშია გადაღებული - ლევან იოსელიანი გმობს პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და ამბობს, რომ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენცია შეუძლებელია დაუსჯელობასთან ბრძოლის გარეშე.
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საჯარო წყაროებით გავრცელებულ კადრებს სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე და გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
✅ ამასთან, გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველს სურს, საზოგადოებას მიაწოდოს მოკლე ინფორმაცია 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშში პოლიციის მხრიდან მოპყრობის კუთხით ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომელიც სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეფუძნება. 2025 წელს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 79 მონიტორინგის ვიზიტი განახორციელა პოლიციის დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, ასევე ადვოკატებს, მოიპოვა და გააანალიზა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი მონაცემები.
✅ მონიტორინგის შედეგად, სპეციალური პრევენციული ჯგუფი ყოველწლიურად იღებს ინფორმაციას პოლიციის მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის შესახებ, როგორც დაკავებისას, ისე დაკავების შემდეგ, პოლიციის მანქანაში და ადმინისტრაციულ შენობებში. შენარჩუნებულია ასევე ტენდენცია, როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორებში წარმოებულ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა დაახლოებით ნახევარი უთითებს, რომ დაზიანება მიიღო უშუალოდ დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ.
✅ სახალხო დამცველი კვლავ იმეორებს, რომ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია შეუძლებელია დაუსჯელობასთან ბრძოლისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის ეფექტიანი გარანტიების გარეშე. სამწუხაროდ, ამ კუთხით გაცემული რეკომენდაციები წლების განმავლობაში შეუსრულებელია.
✅ პატრულ ინსპექტორებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება კვლავ არ აქვთ. ასევე არ არსებობს პოლიციის ავტომანქანებში დაკავებულთა ყოფნის ვიდეოგადაღებისა და გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერის ვალდებულება. პოლიციის სამმართველოებსა და დეპარტამენტებში კამერების რაოდენობა არსებითად არ გაზრდილა, ხოლო ცალკეულ სამმართველოებში კამერები საერთოდ არ არის განთავსებული.
✅ 2025 წელსაც გამოვლინდა ფორმალური პროცედურების გარეშე, პირების ფაქტობრივად დაკავების უკანონო პრაქტიკა. გარდა ამისა, ანგარიშში აღწერილია დაკავებულების უფლებებზე ინფორმირების და ადვოკატის ხელმისაწვდომობის პრობლემები, ასევე დოკუმენტაციის წარმოების, მათ შორის, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების დოკუმენტირების ხარვეზები.
📌 სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები საპარლამენტო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესასრულებლად", - წერია გავრცელებულ ინფრომაციაშია.
"ნოდარ მელაძის შაბათმა" პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)
გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ეთერის" ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა. უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.
შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.