რატომ დასჭირდა სისტემას 4 წელი თავად სისტემის წარმომადგენლის მიერ ჩადენილ ქმედების გამოსავლენად? - საია-ს თავმჯდომარე
"ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსში გასული პოლიციელების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრებსი შემდეგ, საიას თავმჯდომარეს, თამარ ონიანს, შსს-გან აინტერესებს, თუ რატომ დასჭირდა მისსავე უწყების თანამშრომლების ქმედების გამოსაძიებლად 4 წელი.
- შსს-მ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ მოძალადე პოლციელები 4 წლის შემდეგ , 2026 წლის თებერვალში დააკავეს.
ონიანის თქმით, ასევე კითხვები არსებობს, თუ რატომ არ არის ყველა პოლიციელი აღჭურვილი სამხრე ვიდეო-კამერებით.
რატომ დასჭირდა თავად სისტემის წარმომადგენლის მიერ ჩადენილ ქმედებას სისტემის მიერ 4 წელი აი ამ ქმედების გამოსავლენად? რა დაბრკოლებები იკვეთება ამ პროცესში და უნდა დავსვათ მნიშვნელოვანი შეკითხვები - მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ამ დრომდე რატომ არ არის სავალდებულო წესით აღჭურვილი შსს-ს ყველა თანამშრომელი იმ ვალდებულებით, რომ მათ ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას სამხრე ვიდეო-კამერები ჩართონ. ამასთანავე, რატომ არ მიმდინარეობს დაკითხვა-გამოკითხვის პროცესი, რომელიც აღჭურვილი იქნება ვიდეო-კამერებით.
2025 წელს გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც თავის დროზე შექმნილი იყო მათ შორის გაეროს, მათ შორის ევროპის საბჭოს რეკომენდაციების მითითების შედეგად - სწორედ იმის გამო, რომ არსებობდა, არაერთი საქმე, როდესაც საქართველოს პროკურატურის მიერ ნაწარმოები გამოძიება ვერ აკმაყოფილებდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს და ამიტომაც საჭირო გახდა, აი ამ სპეციალიზირებული უწყების შექმნა, თუმცა 2025 წელს ეს უწყება გაუქმდა და ჩვენ არ გვინახავს არცერთი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რა შეიცვალა ამ სამსახურის შექმნიდან - 2019 წლიდან 2025 წლამდე იმგვარად, რომ აღარ იყო საჭირო ამ სპეციალიზირებული უწყების არსებობის", - ამბობს თამარ ონიანი.
"ნოდარ მელაძის შაბათმა" პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)
გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ეთერის" ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა. უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.
შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.