ჩემს ქვეყანაში ადამიანები მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ისჯებიან - ნინი სანადირაძე ევროპის სამუზეუმო ფორუმზე
ჩემს ქვეყანაში ადამიანები მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ისჯებიან - ამის შესახებ ბილბაოში (ესპანეთი) ევროპის მუზეუმების წლის დაჯილდოების (EMYA) ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მუზეუმების გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელმა, კენეთ ჰადსონის პრემიის ლაურეატმა, ნინი სანადირაძემ განაცხდა.
მან ევროპის სამუზეუმო საზოგადოების წინაშე ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, თქვა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება და კულტურა შეტევის ქვეშაა, ისაუბრა იმაზეც, რომ ხალხს ფბ-სტატუსების გამო ასამართლებენ.
ზოგჯერ მტკივნეულია იმის დანახვა, რამდენად შორს ვართ დღეს ილია ჭავჭავაძისა და მერაბ კოსტავას იდეებისგან - ტქვა ნინი სანადირაძემ.
ნინი სანადირაძის გამოსვლის სრულ ტექსტს "ნეტგაზეთი" ავრცელებს:
ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო,
პირველ რიგში, მადლობა აქ ყოფნისთვის. დღეს, აქ, ამ სცენაზე დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ უფრო მეტადაც, ვიდრე ოდესმე.
ეს ჩემთვის დიდი პატივიცაა და დიდი პასუხისმგებლობაც. ვფიქრობ აქ ყველამ იცის, რომ მე საქართველოდან ვარ. და დღეს ქართულად არ ვისაუბრებ. ვისაუბრებ ინგლისურად, ნელა, მაგრამ გულწრფელად.
ზუსტად ერთი წლის წინ, ამავე სცენაზე, კენეთ ჰადსონის პრემია მივიღე. პრემია, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმ რთული თვეების ფონზე, რომლებიც შემდეგ დაიწყო.
დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ახსოვს ჩემი გაკვირვება, როდესაც ძვირფასმა ლეონტინემ ევროპის მუზეუმების ფორუმის გადაწყვეტილება გამოაცხადა. გულწრფელად რომ ვთქვა, სრულიად გაოგნებული ვიყავი.
და დღეს…
ისევ აქ ვდგავარ.
ოღონდ ამჯერად მუზეუმის გარეშე.
მხოლოდ საკუთარი თავით…
და თქვენი მხარდაჭერით.
ბევრ თქვენგანს ახსოვს, რომ 2023 წელს ამავე EMYA-ს სცენაზე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს წარმოვადგენდი. ჩვენ ნამდვილად გვჯეროდა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების გზაზე იდგა და ილია ჭავჭავაძის გზას მივყვებოდით.
ჩვენთვის, ქართველებისთვის, ილია თავისუფლების, განათლებისა და ევროპული ღირებულებების სიმბოლოა, რწმენისა, რომ კულტურასა და მემკვიდრეობას საზოგადოების გარდაქმნა შეუძლია.
მაგრამ ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა.
სინამდვილე ჩვენს გარშემო უფრო რთული გახდა, და უფრო საშიშიც. დღეს ჩემს ქვეყანაში ისეთი რეალობაა, რომლის დაჯერებაც ზოგჯერ ძნელია, და კიდევ უფრო ძნელია მისი გააზრება. ადამიანები ისჯებიან მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. მათ აკავებენ აქციაზე დგომისთვის, ტროტუარზე ყოფნისთვის, ან ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის. დღეს კი სოციალური ქსელებში გამოხატული მოსაზრებებიც ოფიციალურად იქცა სასჯელის საფუძვლად. და ზოგჯერ მტკივნეულია იმის დანახვა, რამდენად შორს ვართ დღეს ილია ჭავჭავაძისა და მერაბ კოსტავას იდეებისგან.
დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება შეტევის ქვეშაა, და მასთან ერთად კულტურაც. ნებისმიერი თავისუფალი ხმა სამიზნეა, დამოუკიდებელი მედია საფრთხეშია. ჟურნალისტები, აქტივისტები, მსახიობები, ექიმები და სტუდენტები არ ჩუმდებიან და ამისთვის მძიმე ფასს იხდიან. მათ შორისაა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ზვიად რატიანი — საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე პოეტი, სხვა მრავალ ადამიანთან ერთად პატიმრობაშია.
ეს მხოლოდ პოლიტიკური ფაქტები არ არის. ეს კულტურული და ადამიანური ტრაგედიაა, სადაც სინამდვილე რაღაც მნიშვნელოვანს გვეუბნება იმ დროის შესახებ, რომელშიც ვცხოვრობთ.
გვეუბნება, რომ შიში დიალოგზე ძლიერი გახდა. ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ ეს გამოცდილება ჩვენთვის ისტორიაა, ჩვენ მსგავსი რეალობა საბჭოთა რეპრესიების დროსაც გავიარეთ.
და სწორედ ამიტომ, ერთი წლის შემდეგ, ამ პრემიას სხვაგვარად ვაფასებ.
ჩემთვის კენეთ ჰადსონის სახელი ბევრ რამეს ნიშნავს.
ეს არის მხარდაჭერა.
ეს არის პასუხისმგებლობა.
ეს არის აღიარება.
და ზოგჯერ, სარკეც.
სარკე, რომელიც სინამდვილეს არ ქმნის, მაგრამ ასახავს მას.
და ზოგჯერ, ის რასაც ამ სარკეში ვხედავთ, მარტივი არ არის.
რადგანაც ყოველდღე ვაკეთებთ არჩევანს, რომელიც ისტორიის ნაწილი ხდება.
და ბოლო წელი არ იყო მარტივი წელი, მაგრამ ეს იყო სწავლის, რეფლექსიის და აღმოჩენის წელიც. ამ პერიოდში მე შესაძლებლობა მომეცა მემუშავა პოლონეთში, Thesaurus Poloniae-ს პროგრამის სტიპენდიატად, კრაკოვის საერთაშორისო კულტურის ცენტრში, სადაც XIX-XX საუკუნეების გაზეთების, არქივებისა და ისტორიული დოკუმენტებს ვიკვლევდი.
ვნახე, როგორ გადარჩა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ყველაზე რთულ დროშიც კი.
ჩემთვის ეს კვლევა აწმყოს უკეთესი გააზრების საშუალება იყო. შემახსენა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი და ამბავი ჯერ კიდევ უცნობია საზოგადოებისა და ისტორიული მეხსიერებისთვის.
ეს იყო ძლიერი შეხსენება, რომ ისტორია არასდროს არის მხოლოდ წარსულის ამბავი. ეს არის არჩევანი – რას ვიმახსოვრებთ და რას ვივიწყებთ, რას ვიტოვებთ და რისი წაშლა გვინდა.
მახსოვს, ბევრი წლის წინ, როდესაც მუზეუმის ახალბედა თანამშრომელი ვიყავი, მჯეროდა, რომ მუზეუმი არ არის მხოლოდ წარსული. მუზეუმი აწმყოა და ხიდია მომავლისკენ.
დღესაც იგივე მჯერა, რომ მუზეუმი სარკეა. სარკე სადაც ყოველი დღე ისტორია, სარკე სადაც ყოველი თაობა ტოვებს თავისი არჩევანის ანარეკლს.
ყველაფრის მიუხედავად, მაინც მჯერა, რომ ჩვენი მომავალი უფრო ნათელ მხარესაა. მჯერა, რომ დემოკრატიული ღირებულებები შიშზე ძლიერია. მჯერა ისიც, რომ ისტორიული მეხსიერება, მემკვიდრეობა და განათლება შესაძლებლობაა გზის დასანახად.
დღეს ჩვენ ისტორიას არ ვსწავლობთ, ჩვენ ასევე ვქმნით მას. ჩვენ მისი მონაწილეები ვართ. და ყოველდღე ვირჩევთ, რა სახის ისტორიას დავტოვებთ.
ალბათ სწორედ ესაა მუზეუმებში მნიშვნელოვანი.
მაინც ჯიუტად მჯერა, რომ ერთ დღეს საქართველოში ჩვენი დღევანდელი რეალობა სამუზეუმო ამბავი გახდება. დღეს მთავარი კითხვა ასეთია: როგორი მუზეუმი გვექნება? როგორ ამბავს მოვყვებით?
ეს იქნება ტრაგედიის მუზეუმი?
თუ გამძლეობის მუზეუმი?
დღეს, თქვენ წინაშე მე მუზეუმის გარეშე ვარ, მაგრამ წლების მანძილზე ვისწავლე, რომ მუზეუმის დანიშნულება არც მაშინ ქრება, როდესაც მის კედლებს ტოვებ.
რადგანაც მუზეუმი საგნების კოლექციაზე მეტია.
ეს არის გამბედაობა, დაიმახსოვრო, როდესაც სამყარო დავიწყებისკენ მოგიწოდებს.
და სანამ დავამთავრებ, მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ვარ თქვენთან. მადლობა თქვენი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. და მადლობა, რომ ჩემი ქვეყნის ხმა გაიგონეთ.
და ბოლოს, მინდა დავასრულო პოეტის სიტყვებით, რომელიც დღეს ჩუმადაა, მაგრამ მისი სიტყვები მნიშვნელოვანია:
ნუ გეშინია:
მე ვერასოდეს ამოვიცნობ
ჩემს სახეს შენში.
ნუ გეშინია.