ძალადობა პოლიციის მხრიდან - TI ივანიშვილის და "ოცნების" პასუხისმგებლობაზე მიუთითებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პოლიციელების მიერ მოქალაქეების მიმართ სავარაუდო ძალადობის ამსახველ კადრებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს შემთხვევა საპოლიციო სისტემაში არსებული ძალის გადამეტების, არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის პრობლემის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ორგანიზაციის შეფასებით, წლების განმავლობაში მოთხოვნილი ინსტიტუციური რეფორმების მიუხედავად, მსგავსი ფაქტების ეფექტიანი გამოძიება კვლავ პრობლემად რჩება.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტების მიმართ "ოცნების" ხელისუფლების დამოკიდებულება დაუსჯელობის გარემოს აძლიერებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ეხმიანება ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემისა და მათზე არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ეხება.
ქართული სამოქალაქო საზოგადოება წლების განმავლობაში საუბრობდა საპოლიციო სისტემაში ძალის გადამეტების, არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის პრობლემაზე. სწორედ მსგავსი ფაქტების სიმრავლის გამო, წლების განმავლობაში ვითხოვდით ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებასა და ეფექტიანი საგამოძიებო მექანიზმების შექმნას.
მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ამან პრობლემა თვისობრივად ვერ მოაგვარა. უფრო მეტიც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, კოკა კაციტაძე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „მაგნიტსკის“ სანქციების სიაში აღმოჩნდა, სწორედ იმ საფუძვლით, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი სისტემური წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოძიება არ მოხდა.
იმის ნაცვლად, რომ „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ეს უმძიმესი პრობლემა მოეგვარებინათ, მათ საერთოდ გააუქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამასთან, არამხოლოდ პოლიტიკური რიტორიკისა, არამედ პრაქტიკის დონეზე დაამკვიდრეს პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტების იგნორირების, დაზარალებულთა მიმართ ნულოვანი თანაგრძნობისა და დაუსჯელობის პოლიტიკა. ამის დასტურია გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2026 წლის თებერვალში არასრულწლოვანის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საფუძვლით დაკავებული პოლიციელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, შესაბამისად მან პატიმრობაში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა. გარდა ამისა, დღემდე არ მომხდარა 300-მდე პირის მიმართ საპოლიციო ძალების მხრიდან განხოციელებული წამებისა თუ არაადამიანური მოპყრობის ეფექტიანი გამოძიება.
სწორედ მმართველი პარტიის ეს მიდგომა და ირაკლი კობახიძის მიერ არაერთხელ გამოხატული ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკა განაპირობებს იმ მძიმე სურათს, რომელსაც საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში ყოველდღიურად ხედავს. წლებია უკვე ეს არ არის ცალკეული პოლიციელების თვითნებური ქმედებები, ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ პარტიას ეკისრებათ.
შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წლების განმავლობაში საუბრობდა პოლიციის მიერ ჩადენილი წამების, ცემის, უკანონო გაშიშვლების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სხვა მძიმე დარღვევების შესახებ, - ნათქვამია ინფორმაციაში.
TV პირველის „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებმა მოიპოვეს ვიდეომასალები, რომლებშიც, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებებში მოქალაქეების მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული. რეპორტაჟის თანახმად, კადრები თავად სამართალდამცველების მიერ იყო გადაღებული და შიდა ჩატებში ვრცელდებოდა. ამ ეტაპზე მოპოვებულია ხუთი ვიდეო, სადაც მინიმუმ სამი სავარაუდო დაზარალებული ფიგურირებს.
მასალები გამომძიებელ ჟურნალისტებს გიორგი კვიცარაძის ოჯახმა გადასცა. ოჯახის მტკიცებით, კვიცარიძემ პოლიციელების შიდა მიმოწერების ჩატიდან ათეულობით ვიდეოფაილი ჩამოტვირთა, რის შემდეგაც დააკავეს. დედა შვილის დაკავების მიზეზად სწორედ აღნიშნული მასალების გავრცელებას ასახელებს. ერთ-ერთ ვიდეოში, გავრცელებული ინფორმაციით, ჩანს ფიზიკური ძალადობისა და იძულების ფაქტი. ასევე შესაძლებელია სავარაუდო მონაწილე პოლიციელების ამოცნობა ხმებითა და გამოსახულებით.