ლიკა ბასილაია-შავგულიძე: საზოგადოებრივი არხის თანამშრომელზე ფიზიკურად იძალადეს და სამსახურიდან გაუშვეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის განცხადებით, პირველი არხის ერთ-ერთ თანამშრომელზე გადაცემის უფროსმა ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ლიკა ბასილაიამ "TV პირველის" ეთერში ისაუბრა.
მისი ცნობით, შემთხვევა 2025 წელს მოხდა, თანამშრომელს უფროსმა ხმამაღლა საუბრის გამო შენიშვნა მისცა, შემდეგ დაემუქრა, სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
საბოლოოდ, ლიკა ბასილაია-შავგულიძის ცნობით, აღნიშნული პირი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ხოლო ბორდის წევრს კამერის ჩანაწერებს არ აძლევენ.
მე არ დავასახელებ სახელს და გვარს, ჩვენი თანამშრომლის, რომელიც სცემეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის. დიდი ხანია ამ საქმეს მივყვები ნელ-ნელა.
///
ის [საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი] ყვება, რომ: 2025 წლის 25 ივლისს, 13 საათსა და 28 წუთიდან 13 საათსა და 35 წუთამდე, ამ პერიოდში, ვიყავი ჩემ ოთახში, ხმის სარეჟისოროში, ველაპარაკებოდი ჩემ თანამშრომელს ხმამაღლა და ემოციურად... ამ დროს შემოვიდა ის ადამიანი, რომელთანაც მოხდა ეს კონფლიქტი და სულ შენი ხმა როგორ უნდა ისმოდეს ბიჭოო. შენ ვინ ხარ ამ ტონით რო მელაპარაკები-მეთქი, მეო ამ გადაცემის უფროსი ვარო და ამ გადაცემაზე აღარ დაგინახოო. მერე ვუთხარი - მადლობა თქვი რომ ვმუშაობ ამ გადაცემაზე, კაპიკებზე-მეთქი. აი შენ ნახე რა გიქნაო, მემუქრებოდა. წამოდი ბიჭო ქვემოთო. ვერ მოვითმინე და ლიფტთან მისულს ვუთხარი - ფეხები არავის მოჭამო-მეთქი და მაგ დროს დამარტყა და მაგინა. მეც მოვუქნიე ერთი-ორი და გაგვაშველეს. დავიჩაგრე და გამომიშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ პატრონი არ მყავს.
///
გაუშვეს ეს ბიჭი, გადაიყვანეს სხვა განყოფილებაში, არ მაძლევენ კამერის ჩანაწერებს. მეუბნებიან, რომ ის ადამიანი ჩვენი თანამშრომელი არ იყოო, კონტრაქტი აქვს უბრალოდ. სხვაგან გადაიყვანეს, სადაც არ უნდოდა გადასვლა. საბოლოო ჯამში გაუშვეს სამსახურიდან," - განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.