სუს-ი საქართველოს რკინიგზაში კორუფციას მეხუთე წელია იძიებს

16.06.26 16:58
სუს-ი საქართველოს რკინიგზაში კორუფციას მეხუთე წელია იძიებს

 

 

კორუფციას საქართველოს რკინიგზაში სუს-ი მეხუთე წელია იძიებს. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ კომპანიების ხელმძღვანელებს, რომლებიც ტენდერებში ფიქტიურად მონაწილეობდნენ, გამოკითხვებზე 2021 წლიდან ატარებდნენ.

ერთ-ერთი დაკავებულის, შპს-ს მფლობელის, გიორგი კურტანიძის ადვოკატის, დიანა გვიშიანის განცხადებით, კურტანიძე დაკავებამდე გამოძიების ფარგლებში სწორედ 2021 წელს გამოკითხეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორთან, დავით ფერაძესთან შემხებლობა არ ჰქონია.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ნამდვილად ჰქონდა შპს. ის გამოძიების მიერ რამდენჯერმე არის გამოკითხული. როცა შევხვდი, მან განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ვადასტურებ, რომ ის საგამოძიებო ორგანოში ცხადდებოდა, მის ჩვენებებს მე არ ვესწრებოდი, თუმცა, მისი ინფორმაციით ვიცი, რომ ადასტურებდა იმას, რასაც დღეს თქვენ მოგახსენებთ. მას არანაირი შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან არ აქვს.

როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოკითხვაზე 2021 წელს დაიბარეს, მას შემდეგ, ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მისი დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა. [ფერაძესთან] შემხებლობა არ აქვს.

როგორც გითხარით, მას შპს ჰქონდა, საქმიანობის სფერო მრავალნაირი შეიძლება იყოს, თუმცა, მოცემულ საქმეზე მას არანაირი შემხებლობა არ აქვს",- აცხადებს გვიშიანი.

კითხვაზე, „შავი ლითონის" შესყიდვას ახორციელებდა თუ არა, ადვოკატი პასუხობს, რომ "შეიძლება ესეც იყო საქმიანობის სფეროში".

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანაშაულებრივად იძენდა... კონკრეტულ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან ბრალის დადგენილება ჩვენთვის არ გადმოუციათ",- განაცხადა გვიშიანმა.

იმ პირების ადვოკატებს, რომლებიც საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე წლები დადიოდნენ, ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველებს" ერთ-ერთი დაკავებულის, ანზორ ჯამალაშვილის ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი აწვდის. 

ახლა შესაძლოა, კორუფციულ საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართოს.  

აინტერესებდათ, ჰქონდათ თუ არა მას კავშირი რკინიგზის ხელმძღვანელობასთან, რაზეც უთხრა, რომ საერთოდ წარმოდგენა არ მაქვსო, თუმცა ახლა გამახსენდა, რომ მაშინვე მოგვაწერინეს ხელი გაუთქმელობზე.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა კომპანია, რომელიც ჯართს იბარებდა - უფროსწორად ყიდულობდა და აბარებდა. როგორც თვითონ ამტკიცებს, მას არანაირი კავშირი რკინიგზასთან არ ჰქონია. ძალიან ბევრი გრძელდებოდა ეს ისტორია, კოვიდამდე იყო", - აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. 

სუს-მა საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა. ჯამში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 6 დაკავებულია, 2-ზე კი ძებნა გამოცხადდება.  საქმე ეხება კორუფციულ სქემებს საქართველოს რკინიგზაში.

  • სუს-ი ამბობს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირები სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.

გამოძიების თანახმად,  2019 წლის შემოდგომაზე, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. 

სუს-ი ამბობს, რომ დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. 

  • დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს ,,გრანდ კახეთი“.

მსგავსი სიახლეები