შპს ,,ჯადექსას“ დირექტორი ბრალს არ აღიარებს - რკინიგზაში კორუფციის საქმეზე დაკავებულის ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს

17.06.26 13:14
შპს ,,ჯადექსას“ დირექტორი ბრალს არ აღიარებს - რკინიგზაში კორუფციის საქმეზე დაკავებულის ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს

საქართველოს რკინიგზაში კორუფციულ საქმეზე დაკავებული შპს ,,ჯადექსას“ დირექტორი, ალექსანდრე ტორიაშვილი ბრალს არ აღიარებს. 

როგორც მისმა უფლებადამცველმა, გიორგი ლაღიძემ მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს. 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გახლავთ შპს „ჯადექსას" დირექტორი, ალექსანდრე ტორიაშვილი. ის დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. დანარჩენი დეტალების შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ვინაიდან გაუთქმელობაზე მაქვს ხელწერილი დაწერილი. პროკურატურას გარკვეული მტკიცებულებები აქვს, თუმცა ამას სასამართლოში შევაფასებთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

  • საქმეზე დაკავებულები არიან: ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, გიორგი კურტანიძე, მალხაზ ომარაშვილი, გიორგი მარუქაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი. ძებნაში იმყოფება დავით ფერაძე და კიდევ ერთი პირი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს რკინიგზაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების საქმე გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, სქემის შედეგად სახელმწიფოს 17 მილიონ 391 ათას ლარზე მეტი ზიანი მიადგა.

სუს-მა საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა. ჯამში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 6 დაკავებულია, 2-ზე კი ძებნა გამოცხადდება.  საქმე ეხება კორუფციულ სქემებს საქართველოს რკინიგზაში.

  • სუს-ი ამბობს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირები სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.

გამოძიების თანახმად,  2019 წლის შემოდგომაზე, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. 

სუს-ი ამბობს, რომ დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. 

  • დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს ,,გრანდ კახეთი“.

ამავე თემაზე:

 

მსგავსი სიახლეები