თაღლითობა, ფულის გათეთრება და ყალბი ანგარიშსწორების ბარათის გამოყენება - ცნობილია, რას ედავებიან რკინიგზის საქმეზე დაკავებულ ანზორ ჯამალაშვილს

17.06.26 11:37
თაღლითობა, ფულის გათეთრება და ყალბი ანგარიშსწორების ბარათის გამოყენება - ცნობილია, რას ედავებიან  რკინიგზის საქმეზე დაკავებულ ანზორ ჯამალაშვილს

„საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთი პირს, ანზორ ჯამალაშვილს ბრალი 3 მუხლით, თაღლითობა, ფულის გათეთრება და ყალბი ანგარიშსწორების ბარათის გამოყენება წარედგინა. 

მისი ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ჯამალაშვილი ამბობს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

„ფაქტობრივად, მას ედავებიან, რომ შენ არც პირდაპირი კავშირი გქონდაო, არც შენი კომპანიები იყოო, მაგრამ დანარჩენი კომპანიები არის შენიო იმიტომ, რომ ფორმალური ხელმძღვანელები ჰყავდა მათო. ეს ადამიანი ამბობს, რომ არანაირი შეხება ამ კომპანიებთან არ მქონდაო გარდა იმისა, რომ ჩემი კუთვნილი ტრაილერები და სატვირთო მანქანები ემსახურებოდნენ მათ მიერ ჯართის გადატანასო. ბრალს არ აღიარებს. დუმილის უფლებას იყენებს", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

დაკავებულის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს ჩაინიშნება.

სუს-მა საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა. ჯამში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 6 დაკავებულია, 2-ზე კი ძებნა გამოცხადდება.  საქმე ეხება კორუფციულ სქემებს საქართველოს რკინიგზაში.

  • სუს-ი ამბობს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირები სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.

გამოძიების თანახმად,  2019 წლის შემოდგომაზე, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. 

სუს-ი ამბობს, რომ დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. 

  • დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს ,,გრანდ კახეთი“.

მსგავსი სიახლეები