კორუფციული სკანდალი რკინიგზაში - "პირველებმა" დაკავებულების ვინაობა გაარკვია
კორუფციული სკანდალი რკინიგზაში - ირკვევა, რომ 6 დაკავებულს შორის ერთ-ერთი რკინიგზის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი მარუქაშვილია.
- კორუფციულ სკანდალზე გიორგი მარუქაშვილთან ერთად, დაკავებულები არიან: ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, გიორგი კურტანიძე, მალხაზ ომარაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი.
- ძებნაში იმყოფება: „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენერალურ დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ ერთი პირი. ყველა მათგანს ბრალდება დღეს წარედგინება.
სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაკავებული ანზორ ჯამალაშვილი ირწმუნება, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.
მისი ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ჯამალაშვილი ტრაილერების და სატვირთოების გაქირავებით იყო დაკავებული.
იურისტის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმის ფარგლებში დაკავებულების ნაწილს იცნობდა მხოლოდ. ადვოკატი ამბობს, რომ საიდან მოჰქონდათ ჯართი თუ ლითონები და როგორ აბარებდნენ, კოკკრეტული პირები, ეს ჯამალაშვილის კომპეტენციაში არ შედიოდა.
ნიკოლაიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ კავშირი არ ჰქონდა რკინიგზის ხელმძღვანელობასთან.
რაც შეეხება გიორგი მარუქაშვილის პოზიციას, მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.
როგორც ადვოკატმა, სალომე ჯანუაშვილმა სუს-ში ბრალის წარდგენამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მარუქაშვილი მანამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა დაკავებას არ ელოდებოდა.
იურისტის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო უწყებაში 2-ჯერ იმყოფებოდა, ბოლო დროს კი დაახლოებით 1 თვის წინ.
ირკვევა, რომ საქმის მასალები 40 ტომისგან შედგება.
გამოკითხვებზე დადიოდა, გამოკითხული იყო. ადვოკატის გარეშე იყო მისული, იმდენად არ ელოდებოდა ამ ყველაფერს, რადგან აბსოლუტურად არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. ადვოკატის გარეშე, გულწრფელად მივიდა და მისცა ინფორმაცია, რასაც საქმესთან დაკავშირებით ფლობდა", - განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.
სუს-მა საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა. ჯამში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 6 დაკავებულია, 2-ზე კი ძებნა გამოცხადდება. საქმე ეხება კორუფციულ სქემებს საქართველოს რკინიგზაში.
- სუს-ი ამბობს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირები სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.
გამოძიების თანახმად, 2019 წლის შემოდგომაზე, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა.
სუს-ი ამბობს, რომ დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი.
- დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს ,,გრანდ კახეთი“.