"თქვენ არ ხართ დავიწყებულები, ევროპა თქვენს გვერდით დგას" - მეცოლას მიმართვა მზია ამაღლობელს და სხვა პატიმრებს

17.06.26 14:50
"თქვენ არ ხართ დავიწყებულები, ევროპა თქვენს გვერდით დგას" - მეცოლას მიმართვა მზია ამაღლობელს და სხვა პატიმრებს

"თქვენ არ ხართ დავიწყებულები, ევროპა თქვენს გვერდით დგას და ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ თქვენგან უკანასკნელი არ იქნება თავისუფალი" - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა ევროპარლამენტში რობერტა მეცოლამ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დაპატიმრებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ახსენა. მისი მიმართვის ადრესატი იყვნენ სხვა პატიმრებიც.

  • დღეს ევროპალამენტი საქართველოს შესახებ ანგარიშს ამტკიცებს - დოკუმენტში წერია, რომ უნდა დადასაქცირდეს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი,  თუმცა მანამდე დარბაზში უჩვეენს საქართველოში მშვიდოაბნი აქციების დარბევის კადრები.

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება სახაროვის პრემიის ლაურეატი, ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი.

შენ [მიმართავს ანდჟეი პოჩობუტს] დაგაპატიმრეს სიმართლის თქმისთვის, შენი საზოგადოების დაცვისთვის, უკან დახევაზე უარის თქმისთვის. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ლუკაშენკოს რეჟიმი ყველაფერს ცდილობდა შენს გასატეხად და მათ ეს ვერ შეძლეს. და მთელი ამ წლების განმავლობაში შენ არასოდეს შეგიწყვეტია იმ თავისუფლებების დაცვა, რომლებსაც ეს სახლი იცავს. აი, რატომ მოგანიჭათ ამ პარლამენტმა სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, რომელსაც შენ უზიარებ ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს, რომელიც კვლავ გისოსებს მიღმა იმყოფება და რომელიც რჩება ჩვენს ფიქრებში. შენი ისტორიის მიღმა, ბატონო პოჩობუტ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მთელი ისტორია.  ასე რომ, დღეს ამ დარბაზიდან ჩვენ ვაგზავნით გზავნილს, რომელიც საკმარისად ხმამაღალია იმისთვის, რომ გაგონილ იქნას ბელარუსის, საქართველოს, და ყოველი იმ ქვეყნის ყველა საპატიმრო საკნის კედლებში, სადაც სიმართლეს ახშობენ. თქვენ არ ხართ დავიწყებულები, ევროპა თქვენს გვერდით დგას და ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ თქვენგან უკანასკნელი არ იქნება თავისუფალი", - განაცხადა მეცოლამ. 

ამ წუთებში, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრიან კენჭს. დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე წარადგენს, უკვე დამტკიცებულია საგარეო საქმეთა კომიტეტში და საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას, რეპრესიებსა და ევროკავშირთან დაშორებას აკრიტიკებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად შეცვალა ქვეყნის ევროპული კურსი. ევროპარლამენტი მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილის, "ოცნების" გუნდის ლიდერების, მოსამართლეებისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ პერსონალურ სანქციებს და წევრ ქვეყნებს მათი გაფართოებისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტი ასევე აფრთხილებს, რომ თუ ივანიშვილის ხელისუფლება დემოკრატიულ უკუსვლას არ შეაჩერებს, შესაძლოა საფრთხე შეექმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ანგარიშში პასუხისმგებლობა ამ პროცესზე „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

ევროპარლამენტი აკრიტიკებს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებსაც, მათ შორის „იმედსა“ და „პოსტვ“-ს, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების გამო. ანგარიშში საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზეც და აღნიშნულია, რომ მისმა დაკავებამ სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.

 

მსგავსი სიახლეები