მთავარეპისკოპოსმა ზენონმა უკრაინის მიტროპოლიტს წერილი მისწერა

17.06.26 15:39
მთავარეპისკოპოსმა ზენონმა უკრაინის მიტროპოლიტს წერილი მისწერა

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რუსეთის მიერ კიევ-პეჩორის ლავრაზე თავდასხმის გამო კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს წერილი მისწერა.

"ამ მძიმე ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა, სოლიდარობა და ლოცვითი თანადგომა." - აღნიშნულია წერილში. 

„მის უნეტარესობას ეპიფანეს,
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს

უნეტარესო,

ღრმა მწუხარებითა და გულისტკივილით შევიტყვეთ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული უპილოტო საჰაერო თავდასხმის შესახებ ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდეზე, კიევ-პეჩორის ლავრაზე.

კიევ-პეჩორის ლავრა მხოლოდ უკრაინელი ერის სულიერი საგანძური არ არის; ის მთელი მართლმადიდებელი სამყაროს ისტორიული მემკვიდრეობის, მონოზვნური ტრადიციისა და ქრისტიანული სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია.

ამ სიწმინდის წინააღმდეგ განხორციელებული იერიში განსაკუთრებული ტკივილით აღიქმება ყველა იმ ადამიანის მიერ, ვისთვისაც ძვირფასია ეკლესიის სიწმინდეები, ისტორიული მეხსიერება და ის მრავალსაუკუნოვანი სულიერი ღვაწლი, რომელსაც ეს წმინდა სავანე დღემდე ინახავს.

ამ მძიმე ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა, სოლიდარობა და ლოცვითი თანადგომა. ვევედრებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს- წმინდა ორანტას, „კიევის ურღვევ კედელს“, თავისი საფარველი გადააფაროს განსაცდელში მყოფ უკრაინას, განამტკიცოს მისი მორწმუნე ერი და მალე მოანიჭოს ქვეყანას სამართლიანი და მყარი მშვიდობა.

გვწამს, რომ სიწმინდეების დაზიანებით შეუძლებელია იმ სულიერი ძალის შერყევა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აერთიანებდა და ამაგრებდა უკრაინელ ერს. რწმენა, იმედი და სიყვარული ყოველთვის აღემატება ძალადობას, ნგრევასა და სიძულვილს.

გისურვებთ უფლის შეწევნასა და მფარველობას თქვენ, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მთელ უკრაინელ ხალხს.

ღრმა პატივისცემითა და ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით

ზენონი
დმანისისა და აგარაკ- ტაშირის
მთავარეპისკოპოსი“, – წერს მთავარეპისკოპოსი ზენონი.

კიევ-პეჩორის ლავრაზე რუსეთის თავდასხმა დაგმო მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმაც და მომხდარს ბარბაროსული უწოდა.

ფაქტს ამ დროისთვის არ გამოხმაურებია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო.

ცნობა, რომ რუსეთმა კიევში ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და ისტორიული კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, 15 ივნისს გავრცელდა.

ტაძარი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრა მეორედ დაბომბეს.

მსგავსი სიახლეები