ბიზნეს-რეკეტის საქმე - ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ საქმეში სატელეფონო ჩანაწერები და პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები დევს
რა სქემით არეკეტებდნენ ბიზნესს საქართველოში? - ადვოკატის თქმით, "კრიმინალური ავტორიტეტის" ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ საქმეში სატელეფონო ჩანაწერები და პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები დევს.
ელმურაზ მამედოვი საქართველოში არ იმყოფება, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
როგორც მისი ადვოკატი "პირველებს" ეუბნება, ჯერჯერობით მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება ედავება ქურდული სამყაროს წევრობას. იგი არ იმყოფება საქართველოში და შესაბამისად, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. ჯერჯერობით კომუნიკაცია მასთან არ მომხდარა და მისი პოზიცია უცნობია. მის წინააღმდეგ არის მხოლოდ ეს სატელეფონო ჩანაწერები და პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები. დაზარალებული ამ საქმეს არ ჰყავს", - აცხადებს ადვოკატი.
თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს. ირკვევა, რომ სახლების გადაწვის უკან, ე.წ. კანონიერი ქურდები იდგნენ.
ირკვევა, რომ კიდევ ცხრა პირს ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს.
დასახელდა საზღვარგარეთ მყოფი „კრიმინალური ავტორიტეტის“ – ელმურაზ მამედოვის გვარი. გამოძიების ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულები ფინანსური დავების მოსაგვარებლად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც მამედოვი მონაწილეობდა.
საქმის მასალების მიხედვით, ეს უკანასკნელი უკავშირდებოდა, საქართველოში მასთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც, როგორც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ისე კრიმინალური ავტორიტეტის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს, გარკვეულ ვადებში, კუთვნილი ბიზნესიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.