სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - დაკავებულ გიგა საზუაშვილსა და ედუარდ ათაბეიკანს პატიმრობა შეეფარდა
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - ქურდიანის ქუჩაზე მომხდარის დაჭრის ფაქტზე დაკავებულებს, გიგა საზუაშვილსა და ედუარდ ათაბეიკანს, მოსამართლე დაით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ.
პროკურატურა ორივე მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 10 000-10 000 ლარის ოდენობით გირაოას.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ერთ პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული.
ამასთან, შსს-ს განცხადებით, დაპირისპირების დროს, ერთ-ერთი დაჭრილი, ნიკა ქარელაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 19-108-ე და 143-ე მუხლებით წარედგინათ, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 15 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.