პროტესტი პენიტენციურ სამსახურთან - მოქალაქეები ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

17.06.26 18:54
პროტესტი პენიტენციურ სამსახურთან - მოქალაქეები ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

პროტესტი პენიტენციურ სამსახურთან - კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მეგობრები, ოჯახის და პარტიის წევრები დაკავებული პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. 

ელენე ხოშტარიას მეგობრების თქმით, მისი მდგომარეობა ქრონიკული დაავადებების გამო ციხეში დამძიმდა და სასწრაფოდ საჭიროებს თანმიმდევრულ, პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობას. 

მათი განცხადებით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას ვერ იღებს. 

ვინც იცნობს ელენეს მიხვდება, რომ თუ ელენემ მოგვცა იმის უფლება, რომ საჯაროდ გვესაუბრა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ე.ი. ის არის ძალიან ცუდად და ელენე დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მინდა დავიწყო იმით, რომ ელენე პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვდა უკვე ამ დიაგნოზებით, იგი უკვე რამდენიმე წელიწადია ებრძვის ამ ორ დიაგნოზს: ერთი არის რევმატიული ართრიტი და მეორე არის აუტოიმუნური დაავადება. ელენეს ჩაუტარდა ძალიან სერიოზული და ძალიან მძიმე მკურნალობის კურსი, რომელიც ნამდვილად არ იყო მარტივი და ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ჰქონდა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც ის მოხვდა ციხეში, რამდენიმე თვის შემდეგ მისმა მდგომარეობამ და მისმა დაავადებამ დაიწყო პროგრესირება და უკვე რამდენიმე თვეა მას უჭირს თითების მოძრაობა, უჭირს გადაადგილება დამოუკიდებლად და მას ყოველთვის სჭირდება ხოლმე რომ დამხმარე ჯოხი გამოიყენოს. 

ელენესგან ვიცი, რომ იქაური ექიმები პენიტენციურ სამსახურში, ყველაფერს  ცდილობენ, რომ რაღაცნაირად მოხდეს მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ ეს არის მხოლოდ სიმპტომური მართვა. ვისაც შეხება აქვს რევმატიულ ართრიტთან და იცის ეს დიაგნოზი, ალბათ მარტივად მისახვედრია, რომ ნუროფენი და ტკივილგამაყუჩებელი არ შველის და აქ არის საჭირო პროტოკოლის მიხედვით მკურნალობა. პირადად მე ვესაუბრე ელენეს მკურნალ ექიმს, რომელიც არის თურქეთში და მან მითხრა, რომ თუ დროულად არ მოხდა აქ ყველა იმ მედიკამენტის მიღება, ყველა იმ კვლევის შემდეგ, რომელიც არის აუცილებელი, სავალდებულო და პროტოკოლით გათვალისწინებული რევმატიული ართრიტის შემთხვევაში, დადგება ძალიან მძიმე შედეგი და უბრალოდ ელენემ შეიძლება ვეღარ შეძლოს გადაადგილება, ამიტომ, ეს არ არის ახირება, ფუფუნება, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება, ჩენ მოვითხოვთ რომ მოხდეს ელენეს  უსწრაფესი გადაყვანა კლინიკაში, სადაც მოხდება კვლევების ჩატარება. უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება და დაიწყოს სასწრაფოდ მისი მკურნალობა," - განაცხადეს ელენე ხოშტარიას მეგობრებმა. 

მსგავსი სიახლეები