ვაღიარებ, მზად ვარ ზიანის ანაზღაურებისთვის - რკინიგზაში კორუფციის საქმეზე დაკავებული რევაზ რევაზიშვილი

17.06.26 20:51
ვაღიარებ, მზად ვარ ზიანის ანაზღაურებისთვის - რკინიგზაში კორუფციის საქმეზე დაკავებული რევაზ რევაზიშვილი

 

 

მზად ვარ ზიანის ანაზღაურებისთვის - ამ სიტყვებით მიმართა დღეს სასამართლო საქართველოს რკინიგზაში კორუფციის საქმეზე ბრალდებულმა რევაზ რევაზიშვილმა. 

რევაზიშვილმა თქვა, რომ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას და ასევე გამოძიებასთან 2025 წლიდან თანამშრომლობს.

5 ჯერ ან 6 ჯერ ვარ გამოკითხული. ნებაყოფლობით წარმოვადგინე ყველა დოკუმენტაცია. მოხდა ბრალდების წარდგენა, ვაღიარებ ბრალის ფორმულირებას და იყო ასეთი ფორმულება ბრალდების მხრიდანაც, რომ გირაო უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამ ხალხთან შეხებაა არ მქონია საერთოდ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მზად ვარ ზიანის ანაზღაურებისთვის. ეს განაჩენი არის შაბლონი. ყველა მოწმე გამოკითხულიაა. ახალი დანაშაული როგორ უნდა ჩავიდინო. თქვენც შეიძლება ჩაიდინოთ ახალი დანაშაული", - თქვა რევაზ რევაზიშვილმა. 

კორუფცია საქართველოს რკინიგზაში - სასამართლომ დაკავებულ 6 პირს - ანზორ ჯამალაშვილს, რევაზ რევაზიშვილს, გიორგი კურტანიძეს, მალხაზ ომარაშვილს, გიორგი მარუქაშვილს და ალექსანდრე ტორიაშვილს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობა შეუფარდა. დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელს, დავით ფერაძეს და ზაზა ბიძინაშვილს.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა. 

პატირობას ბრალდებულების მიმართ პროკურატურა ითხოვდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს რკინიგზაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების საქმე გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, სქემის შედეგად სახელმწიფოს 17 მილიონ 391 ათას ლარზე მეტი ზიანი მიადგა.

სუს-მა საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა. ჯამში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, მათგან დაკავებულები არიან: ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, გიორგი კურტანიძე, მალხაზ ომარაშვილი, გიორგი მარუქაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი. ძებნაში იმყოფება დავით ფერაძე და კიდევ ერთი პირი. საქმე ეხება კორუფციულ სქემებს საქართველოს რკინიგზაში.

  • სუს-ი ამბობს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირები სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.

გამოძიების თანახმად,  2019 წლის შემოდგომაზე, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. 

სუს-ი ამბობს, რომ დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. 

  • დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს ,,გრანდ კახეთი“.

 

მსგავსი სიახლეები