კორუფცია საქართველოს რკინიგზაში - ბრალდებული ანზორ ჯამალაშვილი ამბობს, რომ დავით ფერაძეს არ იცნობს
კორუფციული სქემები საქართველოს რკინიგზაში - ბრალდებული ანზორ ჯამალაშვილი ამბობს, რომ რკინიგზის მაშინდელი ხელმძღვანელი, დავით ფერაძე მხოლოდ ტელევიზიით ჰყავს ნანახი და არ იცნობს ბრალდებულების ნაწილსაც, შესაბამისად, ვერანაირ დანაშაულებრივ სქემაში მათთან ერთად ჩართული ვერ იქნებოდა.
რაღაც აბსურდთან გვაქვს საქმე... პირველად ვხედავ ამ ადამიანებს. დავით ფერაძესაც არ ვიცნობ. რაღაც აბსურდთან გვაქვს საქმე”, - განაცხადა ანზორ ჯამალაშვილმა
კორუფცია საქართველოს რკინიგზაში - სასამართლომ დაკავებულ 6 პირს - ანზორ ჯამალაშვილს, რევაზ რევაზიშვილს, გიორგი კურტანიძეს, მალხაზ ომარაშვილს, გიორგი მარუქაშვილს და ალექსანდრე ტორიაშვილს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობა შეუფარდა. დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელს, დავით ფერაძეს და ზაზა ბიძინაშვილს.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.
პატირობას ბრალდებულების მიმართ პროკურატურა ითხოვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს რკინიგზაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების საქმე გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, სქემის შედეგად სახელმწიფოს 17 მილიონ 391 ათას ლარზე მეტი ზიანი მიადგა.
სუს-მა საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა. ჯამში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, მათგან დაკავებულები არიან: ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, გიორგი კურტანიძე, მალხაზ ომარაშვილი, გიორგი მარუქაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი. ძებნაში იმყოფება დავით ფერაძე და კიდევ ერთი პირი. საქმე ეხება კორუფციულ სქემებს საქართველოს რკინიგზაში.
- სუს-ი ამბობს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირები სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.
გამოძიების თანახმად, 2019 წლის შემოდგომაზე, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა.
სუს-ი ამბობს, რომ დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი.
- დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს ,,გრანდ კახეთი“.