ალექსანდრე ტორიაშვილს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია დავით ფერაძესთან - ადვოკატი

17.06.26 21:20
ალექსანდრე ტორიაშვილს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია დავით ფერაძესთან - ადვოკატი

 

 

ალექსანდრე ტორიაშვილის ადვოკატი, გიორგი ლაღიძე ირწმუნება, რომ მსიი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელთან, დავით ფერაძესთან. 

რკინიგზაში კორიფციის საქმეზე დაკავებულის ინტერესების დამცველი უკანონოს უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას 8-ვე პირისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე და აცხადებს, რომ საქმეში ტორიაშვილის ბრალის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ დევს. 

სასამართლოს გადაწყვეტილებას შევაფასებ, როგორც უკანონოს, უსამართლოს, მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს გაუთქმელობის ხელწერილი დაწერილი, საქმის მასალების შესახებ ვერ გავახმაურებ ინფორმაციას, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება, მოგეხსენებათ სამი მუხლით ედავებიან მას დანაშაულის ჩადენას, საქმეში არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ დევს. მეტსაც გეტყვით, არსებული სისხლის სამართლის საქმე ალექსანდრე ტორიაშვილის ნაწილში დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებდა. ზუსტად ამის გამო ჩვენ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ვითხოვდით მის დატოვებას. სხვათა შორის ბრალდებამ დაასაბუთა და ისაუბრა მიმალვის საფრთხეზე და ეს ადამიანი გამოძიებასთან თანამშრომლობს ამდენი ხნის განმავლობაში და არანაირი მიმალვის საფრთხე არ არსებობდა.

ვერ მოგახსენეთ მასალების შესახებ ვერაფერს, თუმცა არანაირი კომუნიკაცია, ჩემი პირადი ინფორმაციით, მას არ ჰქონია დავით ფერაძესთან," - ამბობს გიორგი ლაღიძე.

სასამართლომ დაკავებულ 6 პირს - ანზორ ჯამალაშვილს, რევაზ რევაზიშვილს, გიორგი კურტანიძეს, მალხაზ ომარაშვილს, გიორგი მარუქაშვილს და ალექსანდრე ტორიაშვილს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობა შეუფარდა. დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელს, დავით ფერაძეს და ზაზა ბიძინაშვილს.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა. 

პატირობას ბრალდებულების მიმართ პროკურატურა ითხოვდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს რკინიგზაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების საქმე გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, სქემის შედეგად სახელმწიფოს 17 მილიონ 391 ათას ლარზე მეტი ზიანი მიადგა.

სუს-მა საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა. ჯამში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, მათგან დაკავებულები არიან: ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, გიორგი კურტანიძე, მალხაზ ომარაშვილი, გიორგი მარუქაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი. ძებნაში იმყოფება დავით ფერაძე და კიდევ ერთი პირი. საქმე ეხება კორუფციულ სქემებს საქართველოს რკინიგზაში.

  • სუს-ი ამბობს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირები სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.

გამოძიების თანახმად,  2019 წლის შემოდგომაზე, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. 

სუს-ი ამბობს, რომ დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. 

  • დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს ,,გრანდ კახეთი“.

 

მსგავსი სიახლეები