კორუფცია რკინიგზაში - საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს
კორუფცია რკინიგზაში - საქმის პროკურორი, ანი ლეკიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს.
ლეკიაშვილის თქმით, პროკურატურას საქმის საწარმოებლად 2 თვიანი ვადა მიეცა.
დღეს სახელმწიფო მბრალმდებელს "პირველებმა" ჰკითხა, ხომ არ იკვეთება საქმეში სუს-ის ყოფილი უფოროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სახელი და გვარი, რაზეც ლეკიაშვილმა განაცხადა, რომ "მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში აღნიშნული პირის [გრიგოლ ლილუაშვილის] სახელი და გვარი ნახსენები არ არის".
რაც შეეხება გამოძიებას, გრძელდება, 2-თვიანი ვადა მიეცა კვლავ გამოძიებას საწარმოებლად. სასამართლო პროცესზეც განვაცხადე, რომ ბრალდების მხარეს ესაჭიროება დრო, ვინაიდან გარკვეული მიმართულებით უნდა გაგრძელდეს, დაიკითხოს და გამოიკითხოს არაერთი მოწმე და ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები და თუ გამოიკვეთება სხვა პირების პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ბრალდების მხარე შეაფასაებს აღნიშნული პირების მიმართაც შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც მოგეხსენებათ სასამართლომ რვავე ბრალდებულის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, ვინაიდან მიიჩნია, რომ არსებობდა, როგორც ფაქტობრივი, ანუ მტკიცებულებებით, ასევე ფორმალური საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ყველაფერს, ყველა გარემოებას, რასაც ბრალდების მხარე ბრალდების ნაწილში ასაბუთებს და წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებებით, რა თქმა უნდა აქვს შესაბამისი საფუძველი. ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რაზეც ვისაუბრეთ აქვს თავისი სამართლებრივი საფუძველი, საქმე არის დაახლოებით 44 ტომი ამ ეტაპზე, მათ შორის განთავსებულია არაერთი მტკიცებულება, როგორც გამოკითხვის ოქმები, 100-ზე მეტი მოწმე არის გამოკითხული, მათ შორის ჩართული პირები, როგორც მოგეხსენებათ ბრალდებულებს ვედავებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითურად დიდი ოდენობით თანხების დაუფლებას სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის და საგადასახადო დოკუმენტების შექმნას და გამოყენებას და ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს რკინიგზისთვის მიყენებული ზიანი არის დაახლოებით 18 მილიონი. დაცვის მხარე სხდომაზეც აჟღერებდა გარკვეულ გარემოებებს, თუმცა აღნიშნულ გარემოებებზე პასუხი აქვს ბრალდების მხარეს ყველა მათგანთან მიმართებით, მათ შორის განთავსებული დოკუმენტაციით და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით". - განაცხადა საქმის პროკურორმა, ანი ლეკიაშვილმა.
სასამართლომ დაკავებულ 6 პირს - ანზორ ჯამალაშვილს, რევაზ რევაზიშვილს, გიორგი კურტანიძეს, მალხაზ ომარაშვილს, გიორგი მარუქაშვილს და ალექსანდრე ტორიაშვილს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობა შეუფარდა. დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელს, დავით ფერაძეს და ზაზა ბიძინაშვილს.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.
პატირობას ბრალდებულების მიმართ პროკურატურა ითხოვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს რკინიგზაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების საქმე გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, სქემის შედეგად სახელმწიფოს 17 მილიონ 391 ათას ლარზე მეტი ზიანი მიადგა.
სუს-მა საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა. ჯამში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, მათგან დაკავებულები არიან: ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, გიორგი კურტანიძე, მალხაზ ომარაშვილი, გიორგი მარუქაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი. ძებნაში იმყოფება დავით ფერაძე და კიდევ ერთი პირი. საქმე ეხება კორუფციულ სქემებს საქართველოს რკინიგზაში.
- სუს-ი ამბობს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირები სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.
გამოძიების თანახმად, 2019 წლის შემოდგომაზე, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა.
სუს-ი ამბობს, რომ დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი.
- დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს ,,გრანდ კახეთი“.