"ელენემ შეიძლება დამოუკიდებლად გადაადგილების უნარიც დაკარგოს" - შოთა თუთბერიძე
"ელენემ შეიძლება დამოუკიდებლად გადაადგილების უნარიც დაკარგოს" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით ელენე ხოშტარიას ხელჯოხის გარეშე გადაადგილება უჭირს და ზოგ შემთხვევაში წერაც არ შეუძლია.
შოთა თუთბერიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დიდხანს არ საუბრობდნენ, თავად პოლიტიკოსის სურვილით, თუმცა ბრიფინგის ეთერში გასვლის შემდეგ მას სასწრაფოდ შეხვდა ციხის ხელმძღვანელობა.
უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ ადმინისტრაციის ჩართულობა გარკვეულ კონკრეტულ მოქმედებებამდე მივა.
მე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მოძრაობა აქვს შეზღუდული, ზოგიერთ შემთხვევაში არ შეუძლია მაგალითად წერაც კი და დადის ხელზე გადახვეული ბინტით, დღესაც და ბოლო პერიოდში რამდენჯერმე, მუდმივად სჭირდება ყავარჯენი გადაადგილებისთვის, აქვს მუდმივი ტკივილები, მათ შორის ღამის განმავლობაში.
ამას, მე ვფიქრობ, ციხის ადმინისტრაციაც დაადასტურებს, რომლებიც ღამეში რამდენჯერმე აკითხავენ [საკანში]...
დღეს, სხვათა შორის, პენიტენციურმა სამსახურმა ბევრი ტყუილი თქვა და ხშირად ცდილობენ, ხოლმე რომ ჩვენი კრიტიკა, რომელიც მიმართულია ზოგადად როგორ მუშაობს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და როგორ მიიღება ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, მიმართონ ხოლმე ციხის თანამშრომლების მიმართ, რაც ასე არ არის, პირიქით, მადლიერები ვართ ყველა იმ ექთნის მიმართ, ყველა იმ ოფიცრის მიმართ, რომლის მხარდაჭერას და მდგომარეობის შემსუბუქების მცდელობებს ჩვენ ყოველთვის ვხედავთ და ვგრძნობთ.
ელენეს მიმართ ჩატარებული სამედიცინო პროცედურები და მკურნალობის მეთოდები ეხება მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომებს. შეიძლება ითქვას, რომ არის ჩატარებული მოვალეობის მოხდის მიზნით. [...]
ჩვენ არ ვსაუბრობთ ამაზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია, თავად ელენე იყო ამ ამბების გასაჯაროების წინააღმდეგი. მე ჩემს პროფესიულ მოვალეობად მიმაჩნდა, რომ როცა უკვე რაღაც საშიშ ზღვარს მივუახლოვდით და გაჩნდა რეალური საფრთხე ექიმების შეფასებით, რომ ელენემ შეიძლება დამოუკიდებლად გადაადგილების უნარიც დაკარგოს, თუ დაავადება პროგრესირდა, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი საზოგადოების ინფორმირება. ბრიფინგის ეთერში გასვლის შემდეგ მას სასწრაფოდ შეხვდა ციხის ხელმძღვანელობა იყვნენ მასთან ექიმებიც, იყო გარკვეული საუბარი სამომავლო სამედიცინო პროცედურების შესახებ, იმედი მაქვს ეს გარკვეულ კონკრეტულ მოქმედებებამდე მიგვიყვანს. " - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.