ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

18.06.26 15:33
ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

ყოფილი სახალხო დამცველი, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. 

მისი თქმით, მან სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანა. ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ საქმე ეხება ტელეკომპანიის და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ მის წინააღმდეგ აგორებულ ფართომასშტაბიან ცილისმწამებლურ კამპანიას. 

"ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანე. საქმე ეხება ტელეკომპანიის და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებულ ფართომასშტაბიან ცილისმწამებლურ კამპანიას, თითქოსდა ქართველი ხალხის დასჯას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ვითხოვ. 

"იმედის" წინააღმდეგ შეტანილი სასჯელი არ ეხება მხოლოდ ჩემზე გავრცელებულ ტყუილს. ეს საქმე ეხება იმასაც, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება სხვებს გადააბრალოს პასუხისმგებლობა საკუთარი პოლიტიკის შედეგებზე. 

ეს სარჩელი შევიტანე არა მხოლოდ, როგორც დეზინფორმაციის სამიზნემ, არამედ, როგორც ორი შვილის დედამ და ამ ქვეყნის მოქალაქემ," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

ამასთან, ნინო ლომჯარიამ პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

მინდა შევეხო ელენე ხოშტარიას უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულ, პატიმრობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას. მინდა ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ელენეს და რეჟიმის სამიზნე ძლიერ ქალებს. ვუერთდები საზოგადოების მოთხოვნას, უკანონო პატიმრობიდან მათი გათავისუფლების თაობაზე. აუცილებელია ელენეს დაუყოვნებლივ გაეწიოს სრულფასოვანი და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება. განსაკუთრებით ამორალური იყო ელენს მდგომარეობის თაობაზე პროპაგანდის გაშუქება. პროპაგანდა არ მოერიდა ბინძურ მეთოდებს ჯანმრთელობაშერყეული პატიმარი ქალის წინააღმდეგ“,-განაცხადა ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები