ხმაური ურეკის სანაპიროზე - უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი ზღვიდან დამსვენებლებმა ამოიყვანეს
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ურეკის სანაპიროზე. დამსვენებლებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი ზღვიდან ამოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა მაშველებთან დაპირისპირებასაც. ერთ-ერთი ვერსიით, ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ზღვაში შესული მამაკაცი შეუძლოდ გახდა, მის დასახმარებლად კი, დამსვენებლების თქმით, მაშველებმა არაფერი გააკეთეს.
როგორც „პირველებს“ ადგილიდან უყვებიან, საბოლოოდ კაცის ამოყვანა სანაპიროზე მყოფმა მოქალაქეებმაა შეძლეს და პირველადი დახმარებაც მათვე აღმოუჩინეს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ზღვიდან ამოყვანილ კაცს სასიცოცხლო მაჩვენებლები არ აღენიშნება. დამსვენებლები ამტკიცებენ, რომ სასაწრაფო ადგილზე დაგვიანებით მივიდა, რაც კიდევ ერთი უთანხმოების მიზეზი გახდა.
ინფორმაციის გადამოწმება “პირველებმა“ შსს-ში სცადა. უწყებაში ამბობენ, რომ მაშველების მხრიდან დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია. მათივე ცნობით, სწრაფი რეაგირების შედეგად ზღვიდან 4 პირის ამოყვანა მოხერხდა.
ურეკის სანაპირო ზოლზე მყოფმა მაშველებმა შენიშნეს 4 მოქალაქე ზღვაში, რომლებიც საჭიროებდნენ დახმარებას, სწრაფი რეაგირების შედეგად ოთხივე მოქალაქე მაშველებმა კატერის საშუალებით გამოიყვანეს,- აცხადებენ შსს-ში.
შენიშვნა: კაცი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო, ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.