სასახლის ღობის საქმე - ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 5 პირი განაჩენის მოლოდინში

19.06.26 10:19
სასახლის ღობის საქმე - ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 5 პირი განაჩენის მოლოდინში

სასახლის ღობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძის, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის და დავით სტურუას დასკვნითი პროცესი წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართა, რის გამო განაჩენის გამოცხადება გადაიდო.

ალბუთაშვილამდე 15 პირიან ეპიზოდზე 8-მ საპროცესო შეთანხმება ითხოვა და სასამართლო დარბაზიდან სამშაბათს გათავისუფლდნენ. 

  • 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, ზაქრო ალბუთაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.
  • 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.