სასახლის ღობის საქმე - ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი განაჩენის მოლოდინში
სასახლის ღობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძის, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის და დავით სტურუას დასკვნითი პროცესი წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს.
ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს.
როგორც მან სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დაკავებისა და გამართლების შანსები თანაბარია.
მე ვამბობ ასე: 50/50-ზეა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მაცვია ბრაზილიის ფორმა, მე ვარ იტალიისა და ბრაზილიის ქომაგი. როცა იტალია თამაშობს, იტალიისკენ ვარ, როცა ბრაზილია თამაშობს, ბრაზილიის მხარეს ვარ. ახლა ვინაიდან იტალია არ თამაშობს, ბრაზილიის მხარეს ვარ, საღამოს, 11:00 საათზე არის თამაში. ტელევიზორში, სად ვნახავ ბრაზილიის თამაშს, მნიშვნელობა არ აქვს, ტელევიზორი ტელევიზორია. საბოლოო სიტყვაში ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა, გავშლი ყველაფერს, პუნქტობრივად ვიტყვი",- განაცხადა ჩახუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართა, რის გამო განაჩენის გამოცხადება გადაიდო.
განახლება 11:30 - ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზაქრო ალბუთაშვილმა უარი თქვა საპროცესო შეთანხმებსი გაფორმებაზე.
შეგახსენებთ, რომ 15 პირიან ეპიზოდზე 8-მ საპროცესო შეთანხმება ითხოვა და სასამართლო დარბაზიდან სამშაბათს გათავისუფლდნენ.
- 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, ზაქრო ალბუთაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.
- 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.