სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ალბუთაშვილი ხოშტარიას სოლიდარობას უცხადებს, შიმშილობას იწყებს და საპროცესოზე უარს ამბობს
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ზაქრო ალბუთაშვილი საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობს - დაკავებულმა დღეს სასამართლოზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა და ხაზგასმით განაცხადა, რომ ვერ დაიბრალებს იმას, რაც არ ჩაუდენია.
ალბუთაშვილმა დღეს მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას და სოლიდარობის მიზნით შიმშილობა გამოაცხადა.
ამ წუთიდან ვიწყებ შიმშილობას, ვიდრე ჩვენი დროის უახლესი გმირი, უდანაშაულო პოლიტიკური პატიმარი ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება ციხიდან - თქვა ბრალდებულმა სასამართლოზე.
მივმართავ მხოლოდ კაცებს. ჩვენს ქალებს უკვე მოადგნენ. მე, ზაქრო ალბუთაშვილი, პროფესიით მშენებელი, სამხედრო, ყოფილი ფეხბურთელი და ა.შ. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, 1 თირკმელი ამოჭრილი, მეორეზე პრობლემები....
ამ ხელისუფლებამ ორი გზა შემომთავაზა, ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია და მეორე, ციხეში სიკვდილი. მე ვირჩევ სიკვდილს, საათი არ გამაჩნია, ამ წუთიდან ვიწყებ შიმშილობას, ვიდრე ჩვენი დროის უახლესი გმირი, უდანაშაულო პოლიტიკური პატიმარი ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება ციხიდან. წამმზომი ჩართულია.
ბატონო გიორგი[მოსამართლე], დამოკლეს მახვილივით არ მინდოდა ჩამოგკიდებოდით. დამოკლეს მახვილი გავხდები მე. ისედაც სიკვდილი მოახლოებულია, მარჯვენა თირკმელი ამომაჭრეს, ციხის ექიმებმა რომ გამსინჯეს... თუ დროულად მკურნალობა არ დაიწყება, ფატალურად დასრულდებაო, თუ ეს გინდათ, გააკეთეთ. ბატონო გიორგი, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ გმირი და გახდეს დამოკლეს მახვილის ქვეშ მეფე...
არ მინდა საპროცესო შეთანხმება... სინანული არ მაქვს, ყალბი სინანული თქვენც არ მოგეწონებათ. ამ ხალხის გამო ციხეში მოვკვდები",- განაცხადა ალბუთაშვილმა.
- 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ცნობისთვის, 17 ივნისს, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება.