მეორე ხარისხის განგრენა მაქვს, ციხეში ჩემი დატოვება არ შეიძლება, მაგრამ ვერ ვაღიარებ იმას, რაც არ ჩამიდენია - კახაბერ მჟავანაძე
მეორე ხარისხის განგრენა მაქვს, მიჭირს მოძრაობა, ციხეში ჩემი დატოვება არ შეიძლება, 58 წლის კაცი ვარ, პატარა ბავშვი არ ვარ, მაგრამ ვერ ვაღიარებ იმას, რაც არ ჩამიდენია, - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულმა კახაბერ მჟავანაძე სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, მაინც ვერ იტყვის იმას, რაც სხვებს ათქმევინეს.
„სათქმელი ბევრია, ვფიცავ, რომ ვიტყვი სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს, სხვას. მყავს მეუღლე და ორი შვილი.... ჯანმრთელობის პრობლემები მეც მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი იმ ტყუილს, რაც ათქმევინეთ, ადამიანებს სულში ჩააფურთხეთ.
მეორე ხარისხის განგრენა მაქვს, მიჭირს მოძრაობა, ციხეში ჩემი დატოვება არ შეიძლება, 58 წლის კაცი ვარ, პატარა ბავშვი არ ვარ. თქვენი მისჯის შემდეგ, არ ვიცი რა იქნება, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი იმას, რაც არ ყოფილა.
ღობე ჩემგან ნახევარ მეტრში წაქცეული იყო, ნაბიჯიც არ შემიდგამს შიგნით, როგორ შეიძლება მითხრათ, იერიშით იღებდითო და აღიარეთო, მე ამას ვერ ვაღიარებ. კი ბატონო, დაწერეთ, 5 წელი, 6 წელი. თქვენს ოჯახში, მოსამართლევ, პროკურორო, მოვალ და ვეტყვი, მოვიქეცი ასე და თქვენმა ოჯახის წევრმა ამდენი მომისაჯა და ციხეში ვიჯექი-მეთქი",- განაცხადა მჟავანაძემ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.