ელისაშვილი: საქმე ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიებაა... ეს ხდება, რადგან მდინარაძეს ვერ მოუნელებია, „ბაირამ დუდუკში“ რომ მოხვდა
ეს საქმე ჩემ წინააღდეგ პოლიტიკური შურისძიებაა - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
- დღეს საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო თარაშვილმა განიხილა ცალკე წარმოებული საქმე, რომელიც საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში გაჩენილ ხანძარს ეხება. რაც შეეხება ტერორიზმის საქმეს, აღნიშნულ საქმეზე ელისაშვილს დღეს დასწრებსი უფლება არ აქვს, რადგან მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ის წინა სხდომიდან გააძევა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სასამართლოზე ხაზგასმით განაცხადა, რომ ის მამუკა მდინარაძისთვის მუშტის დარტყმის გამო ისჯება.
როგორ შეიძლება წვიმის დროს, ცეცხლს წყალს რომ ასხამენ, ძაღლმა ნიმუში აიღოს. ვერ მოუნელებია მდინარაძეს, რომ ბარაქიანი მუშტი მოხვდა - განაცხადა ელისაშვილმა სხდომაზე.
ბრალდებულმა ასევე ისაუბრა ექსპერტიზის დასკვნაზეც, რომელმაც დაადგინა, რომ ვიდეომასალა პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.
რომელი მტკიცებულებების ერთობლიობაზე საუბრობთ ? ექსპერტიზა ამბობს, რომ ადამიანის ამოცნობა შეუძლებელიაო - უთხრა პროკურორს სხდომაზე ელისაშვილმა.
უხერხული, დაუჯერებელი და საოცარი საქმეა. მეცინება, როდესაც პროკურორს ვუსმენ და მტკიცებულებათა ერთობლიობაზე მიუთითებს, ეს ყველაფერი კი ისე ჟღერს, რომ გეგონება ამ საქმეზე ადამიანს ტყუილად არ დაიჭერდნენ.
29 ნოემბერს დამიჭირეს, 2 დღე ბრალი ქონების დაზიანების მუხლით მქონდა წარდგენილი. ეს არ ეყოთ, რომ ჩემს წინააღდეგ უფრო კარგად გამოელაშქრათ. გამოვიდა პაპუაშვილი და ეს ტერორიზმიაო და ამის შემდეგ ბრალი გადამიკვალიფიცირეს - რადგან პაპუაშვილმა თქვა, ტერორისტი გავხდი, მაგრამ თვითონვე მიხვდნენ, რომ ბინ ლადენიც ტერორისტია და მეც, ვერ ჯდებოდა. ეს ბრალი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია.
1 წელი გაუხსნელი საქმე ჰქონდათ თაროზე შემოდებული, იმიტომ იყო გაუხსნელი, რომ არანაირი მტკიცებულება არ იყო, სადაც ადამიანის ამოცნობა შეიძლება. ერთადერთი ჩანაწერია და გაუმარჯოს ღმერთმა იმ გოგოს თუ ბიჭს, რასაც აკეთებდა. ამ სასამართლოში სამართალი არ იპოვნება. დანაშაულია, მაგრამ ექსპერტიზა წერს, რომ აქ ადამიანის ამოცნობა შეუძლებელიაო, მაგრამ რადგან ჩემს წინააღმდეგ რაღაცების დალაგება მოუნდათ, დაალაგეს - ელისაშვილი დაჭერილი გვყავს, ტერორიზმის მუხლი წარვუდგინეთ და მეტი დამაჯერებლობისთვის, ეს საქმეც ტერორიზმის მუხლად გადააკვალიფიცირეს.
მაღაზიაში ტელევიზორი რომ ვიღაცამ მოიპაროს, ეს ქურდობა ხომ არის? მაგრამ ბინ ლადენმა რომ მოიპაროს, ეს ტერორიზმია? ლოგიკა არ არის. ეს სადღაც კაბინეტში ვიღაც ადამიანების მიერ არის გადაწყვეტილი. რომელი მტკიცებულებების ერთობლიობა? ექსპერტიზა ამბობს, რომ ადამიანის ამოცნობა შეუძლებელიაო.
საქმეში მოწმე არ არის, რომელმაც დანაშაული დაინახა, მოწმეები მეხანძრეები არიან, რომლებიც ყვებიან, რომ დომინოს თამაშობდა და “მითხრეს ხანძარიაო, მოვედი, დავასხი წყალი და ჩავაქრეო”. მოწმეებმა რა უნდა თქვან? პროკურატურა კი აკრძალვებს აკრძალვებზე მიწესებს, რომ არ დავრეკო ციხიდან, პაემანი რომ არ მქონდეს ოჯახის წევრებთან და რა მოტივით? - რომ “მოწმეებზე არ მოახდინოს გავლენაო?". რომელ მოწმეზე - მეხანძრეზე, რომელმაც უნდა თქვას 10 ტონა წყალი დაასხა თუ 11 ტონა?
ეს იმიტომ ხდება, რომ მამუკა მდინარაძეს ვერ მოუნელებია “ბაირამ დუდუკში” რომ მოხვდა. იმ ციხეში გამიშვეს, სადაც არ მეკუთვნის, პოლიტიკოსების ციხეში უნდა ვიყო, მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ მდინარაძე ვერ ინელებს, რომ მოხვდა.
ეს ჩემს წინააღდეგ პოლიტიკური შურისძიებაა, ვიღაცას დაესიზმრა და ბრალი გაჩნდა. როგორ შეიძლება წვიმის დროს, ცეცხლს წყალს რომ ასხამენ, ძაღლმა ნიმუში აიღოს. ვერ მოუნელებია მდინარაძეს, რომ ბარაქიანი მუშტი მოხვდა”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
- ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
- პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.