რა ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურამ ევროპის საბჭოს წამების კომიტეტის დელეგაციას?
პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შედგა.
- შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა.
გიორგი გვარაკიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს პროკურატურაში არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და ღონისძიებების შესახებ.
უწყების ცნობით, ყურადღება გამახვილდა არასათანადო მოპყრობის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაციაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე.
პროკურატურა ამბობს, რომ შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა CPT-ის რეკომენდაციების მნიშვნელობას არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღკვეთის პრევენციის მიმართულებით.