მოსამართლე გელაშვილს განაჩენის გამოცხადება შეეშალა - დარახველიძეს 5 -წლიანი პატიმრობა შეეფარდა
მოსამართლე გიორგი გელაშვილს სასახლის ღობსი საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ია დარახველიძის განაჩენი შეეშალა და 3-წლიანი საპატიმრო განაჩენი გამოუცხადეს, თუმცა როგორც გაირკვა, შეცდომით და მასაც 5 წელი აქვს შეფარდებული.
3-წლიანმა სასჯელმა კითხვის ნიშნები მაშინვე გააჩინა, რამდენადაც მუხლი, რომლითაც მას ედავებოდნენ, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, საპატიმრო სასჯელს 4 წლიდან ითვალისწინებს.
როგორც დარახველიძის ადვოკატმა “პირველებს“ უთხრა, სასამართლოდან შეეხმიანენ და განუმარტეს, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და შესაბამისი განჩინებით აღმოფხვრეს.
კანონმდებლობის მიხედვით, 4-დან 6 წლამდე ითვალისწინებს მუხლი საპატიმრო სასჯელს და ძალიანაც რომ ნდომოდა მოსამართლეს, 3 წელს ვერ შეუფარდებდა. ყველას გაგვიჩნდა იქვე ეს კითხვა. თუმცა შემეხმიანნენ და განმიმარტეს, რომ ტექნიკური ხარვეზი მოხდა და შესაბამისი განჩინებით აღმოფხვრეს.
ჩემი პროფესიული აზრით, ეს არ არის სწორი. კონკრეტული მუხლის შესაბამისად, განაჩენში ისეთი არსებითი ცვლილება არ შეიძლება იქნას შეტანილი, რაც კვალიფიკაციასა და სასჯელის ღონისძიებაზე ახდენს გავლენას. მით უფრო, რომ ეს პირველი ინსტანციაა და თავისუფლად შეიძლებოდა შეცდომის გამოსწორება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა შემდგომ ინსტანციაში. ბევრი აზრი შეიძლება ამასთან დაკავშირებით არსებობდეს, მაგრამ არსი არის ბრალდებულის მიმართ პატივისცემის გამოხატვა. რომელმაც მოსამართლისგან გაიგო განაჩენი და მერე არკვევს, რომ უი, თურმე შეეშალათ,- განაცხადა აჭარიძემ.
ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მისი განაჩენით, შვიდივე მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.