„EU NEIGHBOURS EAST“-ის კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 71% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს

19.06.26 17:09
„EU NEIGHBOURS EAST“-ის კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 71% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ევროკავშირის პროგრამის „EU NEIGHBOURS EAST“-ის ფარგლებში ჩატარებული 2026 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ქვეყნის ევროპულ მომავალს კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს. გამოკითხულთა 71% ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 79% დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის წევრობა ქვეყანას უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ევროკავშირი ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო პარტნიორად რჩება - მას გამოკითხულთა 67% ენდობა. ამასთან, 76% ევროკავშირთან დაახლოებას ახალ შესაძლებლობებთან აკავშირებს, ხოლო 75% მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

მიუხედავად მაღალი მხარდაჭერისა, მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სათანადო ტემპით არ მიიწევს. გამოკითხულთა 49% აცხადებს, რომ ქვეყანა წევრობისკენ სწორი მიმართულებით არ მოძრაობს, ხოლო 87% მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროპული ინტეგრაციისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 56% ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შესახებ ბოლო პერიოდში მიღებული კანონები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარყოფითად აისახება. ამავე დროს, 86% დეზინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხედ მიიჩნევს.

გამოკითხვა 2026 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით 1 000-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები