ანაკლიის სანაპიროზე აღმოჩენილი ფრაგმენტები შესაძლოა რუსულ დრონს ეკუთვნოდეს - რას ამბობენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები

21.06.26 11:27
ანაკლიის სანაპიროზე აღმოჩენილი ფრაგმენტები შესაძლოა რუსულ დრონს ეკუთვნოდეს - რას ამბობენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები

 

 

უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა დაათვალიერეს და შეისწავლეს ის ფოტომასალა, რომელიც ანაკლიის სანაპიროზეა გადაღებული და რომელზეც, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი  აპარატის ფრაგმენტებია ასახული. 

გიორგი ფარცვანია მიიჩნევს, რომ ფოტომასალაზე ასახული ფრაგმენტები, სავარაუდოდ, რუსული წარმოების „გერბერას“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს ეკუთვნის. მისი თქმით, მსგავსი დრონები რამდენიმე კილოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანას ახერხებს და დაზიანებული საბრძოლო ნაწილის გამო საფრთხე შესაძლოა ამ დრომდეც არსებობდეს. 

ეს არის კამიკაძე დრონი, რუსული. სავარაუდოდ, "გერბერა 2" ან 1, რომელსაც შეუძლია, გადაიტანოს 5 კიოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება. ეგ არის ჩამოვარდნილი, ეტყობა, ზღვის აკვატორიაში, რომელიც გამორიყა რამდენიმე დღის მერე, იმიტომ, რომ ეტყობა ნაკვალევი, რომ ცოტა დაჟანგულია, კორპუსი დაზიანებულია და სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება უკვე ზღვაში დაცურავს სადღაც. რუსები უფრო იყენებენ ანუ სითხესაც ასხამენ, როა ჩამოვარდება ეს "გერბერა", როცა მივა ადამიანი და ხელთათმანი თუ არ უკეთია, შეიძლება, დაუზიანდეს ხელი, ისეთ სითხეს იყენებენ. საშიში, რა თქმა უნდა, არის, - ამბობს უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია. 

განსხვავებულ შეფასებას აკეთებს „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მისი თქმით, არსებული ფოტომასალით დრონის ზუსტი იდენტიფიცირება რთულია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ აღმოჩენილი ფრაგმენტები უფრო დიდი რადიუსის მოქმედების უპილოტო აპარატს ეკუთვნოდეს, რომელსაც მნიშვნელოვანი საბრძოლო შესაძლებლობები გააჩნია. 

სურათზე რაც ჩანს, ეს არ ჰგავს ტიპიურ შაჰიდ 136 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს, ეს უფრო ჰგავს სადაზვერვო აპარატს, მაგრამ ძალიან რთულია ასეთი პატარა ნაწილებით ზუსტად დადგენა რა ტიპის დრონია. თუ ეს არის შაჰედი 136-ის ფრაგმენტი, შემიძლია, გითხრათ, რომ საკაოდ შორსმფრენი დრონია, დაახლოებით 1000-2500 კილომეტრის მანძილის გაფრენა შეუძლია. საბრძოლო ნაწილი დაახლოებით 50 კილოგრამამდე იწონის დრონი და საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია შენობისთვის და ესაა ის შაჰედის ტიპები, რომელსაც იყენებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბოლო ხანია. საფრთხის შემცველია იმიტომ, რომ 50 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ძალიან დიდ დაზიანებას იწვევს, - ამბობს მამუკა მამულაშვილი. 

 

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ანაკლიის სანაპიროზე უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ანაკლიის სანაპიროზე აღმოჩენილი ობიექტი საბრძოლო მასალის ფრაგმენტებს შეიცავს, თუმცა ამ ეტაპზე არ ასახელებენ მის წარმომავლობას.

უწყების ცნობით, აღმოჩენილი ნაწილები ექსპერტიზისთვის უკვე გადაგზავნილია და მათი ტიპისა და წარმომავლობის დადგენა შესაბამისი კვლევის დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

 

მსგავსი სიახლეები