ანაკლიაში აღმოჩენილი დრონის ფრაგმენტები - სპეციალისტები უსაფრთხოების რისკებზე საუბრობენ

21.06.26 17:48
ანაკლიაში აღმოჩენილი დრონის ფრაგმენტები - სპეციალისტები უსაფრთხოების რისკებზე საუბრობენ

 

 

ანაკლიის სანაპიროზე უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების აღმოჩენის შემდეგ სპეციალისტები უსაფრთხოების რისკებსა და ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, ზღვამ შესაძლოა სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა სანაპიროზე გამორიყოს, რის გამოც მოქალაქეებმა საეჭვო ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართონ.

თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სანაპიროზე გამორიყული ნებისმიერი საეჭვო ობიექტი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. 

ზღვაში მოხვედრილი ყველა ასაფეთქებელი ნივთიერება, ეს იქნება ნაღმი, ეს იქნება დრონი თუ ეს იქნება სხვა რომელიმე ჭურვი ან აუფეთქებელი სარაკეტო რომელიმე სისტემის ნაწილი, ეს შეიძლება ზღვის გაორიყვის შემთხვევაში იყოს პრობლემა, ამიტომ მოსახლეობა უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ თუ ასეთი რამე გამოჩნდა, ხელი არ მოკიდონ, არ მიეკარონ, დარეკონ სპეციალურ სამსახურში და მივლენ ის სამსახურები, განაღმავენ ამას და მოქალაქეები იქნებიან დაცული. რით ვიცავთ თავს ამ დრონებისგან? ეს მეორე კითხვაა. ანუ ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს უფრო ასეთი მასშტაბის მქონე კითხვები და საფრთხეები. ჩვენ არ ვიცით რა შესაძლებლობები აქვთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენ არ ვიცით რისთვის არის მზად ჩვენი შეიარაღებული ძალები და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია თუ როგორ ვითარდება ჩვენი შეიარაღებული ძალები. მეტსაც გეტყვით, ჩვენ არ ვიცით, როგორ მდგომარეობაშია ჩვენი თავდაცვა და უსაფრთხოება, - ამბობსთადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ უპილოტო აპარატის ფრაგმენტების ზუსტი წარმომავლობისა და გადაადგილების მარშრუტის დადგენა სპეციალისტების, მათ შორის ოკეანოლოგების ჩართულობას საჭიროებს. 

ოკეანოლოგებმაც უნდა ილაპარაკონ, ვინც სწავლობს ზღვებს, ტალღების მოძრაობას, დინების მოძრაობას, საიდან, რა სიჩქარით ანუ რამდენი კვირეები ან თვეები, ვთქვათ, ასე ათრია ზღვამ ეს აპარატი, ვიდრე ანაკლიამდე ჩამოვიდოდა. ყირიმში ჩამოვარდა თუ ოდესის მხრიდან თუ ურო აქეთ, ძნელი სათქმელია, ეს სპეციალისტებმა უნდა თქვან, მაგრამ რაც ვნახე მე თქვენს გადაცემაში, ჟანგი ჩანს კარგად, რომ ეს ალბათ ერთი თვე მაინც წყალში ეგდო, ნაპირ ნაპირ ათრევდა ალბათ ამ დანადგარს ზღვა, - ამბობსკონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ანაკლიის სანაპიროზე უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ანაკლიის სანაპიროზე აღმოჩენილი ობიექტი საბრძოლო მასალის ფრაგმენტებს შეიცავს, თუმცა ამ ეტაპზე არ ასახელებენ მის წარმომავლობას.

უწყების ცნობით, აღმოჩენილი ნაწილები ექსპერტიზისთვის უკვე გადაგზავნილია და მათი ტიპისა და წარმომავლობის დადგენა შესაბამისი კვლევის დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.