შსს გიორგი მელთაურს მეგობრის, ლევან ზაზაძის შეურაცხყოფას ედავება
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეს მეგობრის შეურაცხყოფას ედავება. ამის შესახებ ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული საქმე უკვე სასამართლოშია და მოსამართლე თამარ ენუქიძემ უნდა განიხილოს მიაყენა თუ არა Facebook-ზე შეურაცხყოფა გიორგი მელთაურმა მის მეგობარს, ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს.
სასამართლო სხდომა დღეს, 22 ივნისის 14:00 საათზე იყო ჩანიშნული. თუმცა, სხდომაზე არ გამოცხადდა ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელი. ამიტომ, განხილვა 30 ივნისის 15:00 საათამდე გადაიდო.
მედავებიან, რომ თითქოს ლევანს რაღაც შეურაცხყოფა მივაყენე. არადა, ლევანი მეგობარია ჩემი […] წელიწადზე მეტია ერთად ვდგავართ [აქციაზე]," - განუცხადა "ნეტგაზეთს" გიორგი მელითაურმა.
ფოტოგრაფი ლევან ზაზაძე გამოცემასთან ამბობს, რომ სააგენტოს შედგენილი ოქმი, რომელსაც ისინი "სქროლვა-სქრინვის" სამმართველოს ეძახიან, აბსურდია.
ამ სამმართველომ, რასაც ჩვენ სქროლვა-სქრინვის სამმართველოს ვეძახით, ქიმბარიშვილის მეთაურობით, გადაწყვიტა, რომ ჩემი ნაცნობი და მეგობარი სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს მე. ძალიან დიდი აბსურდია ჯერ ზოგადად ადამიანებს სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო რომ ასამართლებენ, ჯარიმებს აკისრებენ და არ არის გამორიცხული, საერთოდ პატიმრობაში გაუშვან. მაგრამ, მეორე საკითხია და ყველაზე აბსურდული ის არის, რომ ჩემს ნაცნობს საქმე აღუძრეს, ჩემი შეურაცხყოფის საფუძვლით. ანუ, ვიღაცებმა გადაწყვიტეს რომ ჩემი ღირსება დაიცვან ჩემი ნაცნობ-მეგობრისგან და გადასცეს საქმე სასამართლოს. ეს არის აბსურდი," - ამბობს ლევან ზაზაძე "ნეტგაზეთთან".
ლევან ზაზაძის თქმით, სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერის გამო არც საკუთარი ინიციატივით დაიწყებდა სამართლებრივ დავას და კიდევ უფრო მიუღებელია მისთვის, თუ ამას სხვა, ამ შემთხვევაში "სქრონვა-სქრინვის" სამმართველოს თანამშრომლები გააკეთებენ.
ჩემი ინიციატივის გარეშე, ვინმეს მიმართ რომ დაიწყოს საქმის წარმოება, მიიყვანონ სასამართლოში და გაასამართლონ, ეს მე სრულიად აბსურდი მგონია. ვიღაც ადამიანები სხედან, სოციალურ ქსელში ეძებენ კომენტარებს, რომ ჩემ ნაცვლად სასამართლოს მიმართონ, ვითომ ვიღაცამ ჩემი ღირსება შეურაცხყო, უნდა დაიწყონ საქმის წარმოება და ადამიანი დასაჯონ. ეს ჩემთვის მიუღებელია, მეტიც, გიორგი მელითაური რომ არ ყოფილიყო და მართლა დაეწერა ვიღაცას კომენტარი ჩემზე, მაინც არ შევიტანდი განცხადებას მე სასამართლოში და არ დავიწყებდი დავას. ეს არის ჩემი პოზიცია.
ყველაზე ცინიკური ამ საქმეში ის არის, რომ რაზეც იყო პოსტი, რაც მოხდა, არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე არც მე და არც თამარ გიორგაძე ჯერ დაკითხულებიც არა ვართ. იმ ინციდენტის მერე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან არავინ დაგვკავშირებია – უკვე ორი კვირაზე მეტი გავიდა. სამაგიეროდ, გიორგი მელითაურს მალევე შეატყობინეს, ოქმია თქვენს სახელზე შედგენილი კომენტარის გამოო და დაიწყეს ადმინისტრაციული წარმოება
ანუ, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბევრად მძიმე დანაშაულია, თაროზე არის შემოდებული, არ ვიცით რა ხდება, ის პიროვნება [თავდამსხმელი] სავარაუდოდ, თავისუფლად გადაადგილდება, მაგრამ ასეთი აბსტრაქტული საფუძვლით ასამართლებენ გიორგი მელითაურს. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი," – განაცხადა ლევან ზაზაძემ.

ცნობისთვის, თუ მოსამართლე ენუქიძე შსს-ს ოქმს კანონიერად ცნობს, მელითაური, შესაძლოა დააჯარიმონ 500 ლარიდან 3 000 ლარამდე, ან დააპატიმრონ 20 დღემდე ვადით.