სასჯელი პოსტების გამო - ივანიშვილის წყევლა შესაძლოა, აქტივისტს ციხის ფასად დაუჯდეს
ბიძინა ივანიშვილის წყევლა შესაძლოა სამოქალაქო აქტივისტს ჯარიმის ან პატიმრობის ფასი დაუჯდეს. თამუნა გიორგაძის წინააღმდეგ საქმის წარმოება შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებული პოსტის გამო დაიწყო. "ამოწყდი" - ეს ერთი სიტყვა, დანაშაულად, შინაგან საქმეთა სამინსიტროს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა შეაფასა და წყევლის გამო აქტივისტს ახლა სასჯელი ემუქრება.
ივანიშვილის წყევლის პროცესი დღეს გადაიდო, თუმცა მოსამართლეებს ანალოგიური არაერთი საქმე ჰქონდათ განსახილველი. ტელე "იმედის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე გაკეთებული კომენტარის გამო 4 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა მოქალაქეს. ეს კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფად ჩათვლა.
უახლოესი მეგობრის პოსტზე განთავსებული კომენტარის გამო დაიბარეს, სასამართლოში გიორგი მელითაურიც, თუმცა მელთაური ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის კომენტარი მას არ დაუწერია- რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა შსს-ს თანამშრომლებმა უნდა ამტკიცონ იყო თუ არა მელითაური ნამდვილად ის პირი, რომელმაც მეგობრის ფოტოზე მათი მტკიცებით შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა.