ხუთი წელი ციხეში - სასახლის ღობის საქმეზე პატიმრობაში გაშვებულებს კიდევ რვა დაემატა [დეტალები სასამართლოდან]
ვისაც საპროცესო უნდოდა ხელი მოაწერა და ახლა სახლშია - ასე უპასუხა 56 წლის ბათუმელ მედროშეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა. ზურა ჭავჭანიძე პროცესებიდან გაძევებული იყო, მას დღეს პირველად მიეცა სხდომაზე დასწრების უფლება, სადაც თქვა, რომ მზად იყო საპროცესოზე ხელი მოეწერა, თუმცა სასამართლომ და პროკურატურამ გაურკვეველი მიზეზით მას უარი უთხრა.
ადვოკატის მტკიცებით, ჭავჭანიძე სასამართლოში დასკვნითი სიტყვების დაწყებამდე უნდა მიეყვანათ იმისთვის, რომ საპროცესოზე პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა ეს არ გააკეთეს. ბოლო სხდომისთვის ჭავჭანიძემ შეწყალების მოთხოვნის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა საქმის პროკურორი ამბობს, რომ ფურცელზე ვერსად ამოიკითხეს დანაშაულის აღიარების ან მონანიების სურვილი, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მედროშეს საპროცესოზე უარი უთხრეს.
56 წლის სოხუმელი ზურა ჭავჭანიძე მოსამართლეს უხსნიდა რატომ იდგა 4 ოქტომბერს აქციაზე, საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად. პროტესტი მშვიდობიანი იყო და ხალხი ქუჩაში ბავშვებთან ერთად იდგა, ძალადობას არავინ გეგმავდა - უთხრა მოსამართლეს უკვე მსჯავრდებულმა ჭავჭანიძემ.