„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - თბილისში დღეს შაბათის მარში გაიმართება

27.06.26 17:07
„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - თბილისში დღეს შაბათის მარში გაიმართება

 

 

„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - ამ მთავარი გზავნილით დღეს თბილისში მორიგი შაბათის მარში გაიმართება. საპროტესტო მსვლელობამდე ორი საათი რჩება. ორგანიზატორები მოქალაქეებს ფილარმონიასთან შეკრებისკენ მოუწოდებენ, საიდანაც მონაწილეები პარლამენტისკენ მსვლელობით გაემართებიან.

აქციის სათავეში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ჩაუდგებიან. მათი განცხადებით, პროტესტი პროევროპული აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას, ძალადობის ფაქტების გამოძიებას, პასუხისმგებელი პირების დასჯას, ადამიანის უფლებების დარღვევის შეწყვეტასა და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებას მოითხოვს.

დაკავებული გიორგი ტერიშვილის დედა, მარინა ტერიშვილი საზოგადოებას გვერდშ დგომისკენ მოუწოდებს.

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სინდისის პატიმრების უდანაშაულობის დამტკიცებისთვის და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს გვერდით იდგეს ხალხი, შემოგვიერთდეს ყველა, ხომ გრძნობენ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორ ვართ და რა ხდება, - ამობს მარინა ტერიშვილი. 

აქციის მნიშნელობაზე საუბრობს აქციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძის დედაც. 

ეს არის სოლიდარობის გამოცხადება, ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ ვნებდებით. ეს ბრძოლა არის ღირსების ბრძოლა. ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვებთ, უბრალოდ, სჭირდება ამას დრო, - ამბობს ელენე ახობაძე.