ცნობილია, რა შედეგით დასრულდა ხოშტარიას მკურნალი ექიმის და პენიტენციურის დირექტორის შეხვედრა

27.06.26 21:10
ცნობილია, რა შედეგით დასრულდა ხოშტარიას მკურნალი ექიმის და პენიტენციურის დირექტორის შეხვედრა

ელენე ხოშტარიას ორშაბათს ციხეში მისი მკურნალი ექიმი, მაკა იოსელიანი მოინახულებს - ამის შესახებ დაპატიმრებული ქალი პოლიტიკოსის ექიმის და ანი ქავთარაძის პენიტენციური სამსახურის დირექტორთან, გიორგი პატარიძესთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ანი ქავთარაძემ მედიასთან განაცხადა, ორშაბათს, ექიმის მიერ ხოშტარიას მონახულების შემდეგ, დამატებითი შეხვედრა გაიმართება პენიტენციურში და ამის შემდეგ გადაწყდება, გადაიყვანენ თუ არა "დროას" ლიდერს კვლევებზე სამოქალაქო კლინიკაში. 

შეხვედრაზე იყო ძალიან დეტალური განხილვა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან, ძალიან დეტალური, მრავლისმომცველი, სადაც ჩვენ მას წარვიდგინეთ არაერთი არგუმენტი და ჩვენთვის ობიექტური მოცემულობა, მათ შორის, ელენეს წარსული ისტორია, ანამნეზი, 2024 წლის მისი თურქეთში ჰოსპიტალიზაციის პერიოდი, გავიარეთ ეს თითოეული დეტალი და საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ ორშაბათს დილით, ქალბატონი მაკა კვლავ მოინახულებს ელენეს ციხეში და შემდგომ, 14:00 საათზე, აქვე [პენიტენციურ სამსახურში] შედგება უფრო გაფართოებული შეხვედრა, მათი მხრიდან წარმომადგენლები იქნებიან, სადაც ჩვენ მოვიტანთ დოკუმენტაციას აუცილებლად.

მე იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაზე ჩამოყალიბდება აზრი, ამ შენობაში, მის ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით". - განაცხადა ქავთარაძემ.

მედიასთან კომენტარი გააკეთა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმაც - გიორგი პატარიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულ პოლიტიკოსს ციხეში ორშაბათს ექიმი მოინახულებს, ამის შემდეგ გადაწყდება ხოშტარიას მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები.

პირველ რიგში, დიდი მადლობა მაკა იოსელიანს, ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი, დეტალურად განვიხილეთ ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება მსჯავრდადებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. დავიგეგმეთ, რომ ორშაბათს, ქალბატონი მაკა კვლავ განახორციელებს ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულებს მსჯავრდებულს და შემდეგ უკვე დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევებიც და სხვა თანმდევი პროცესებიც. როგორც აღვნიშნე, ქალბატონი მაკა დაწესებულებაში შევა ორშაბათს, კვლავ მოხდება მსჯავრდებულის დეტალური გამოკვლევა, შემდეგ შევიკრიბებით, ჩვენს სამედიცინო გუნდთან ერთად, გვექნება გასინჯვის შემდგომი განხილვა და შემდეგი მკურნალობის დაგეგმვის პროცედურები",- განაცხადა პატარიძემ.

კითხვაზე, თუ როგორია ხოშტარიას ამჟამინდელი მდგომარეობა, ის დეტალურ პასუხს არ სცემს, ვინაიდან, ეს მისი თქმით, კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.

ეს ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებულ პერსონალურ მონაცემებს, ბოდიში მინდა მოვიხადო, მოკლებული ვარ უფლებას, ამასთან დაკავშირებით გავაკეთო კომენტარი",- განაცხადა პატარიძემ.

კითხვაზე, ორშაბათს იქნება თუ არა საბოლოო პასუხი, გადაიყვანენ თუ არა ხოშტარიას კლინიკაში, ის ასე პასუხობს:

"სავარაუდოდ, დაველოდოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს წინ, დაველოდოთ ქალბატონ მაკას, ორშაბათს შევხვდებით და დეტალურად გაგაცნობთ ინფორმაციას",- ამბობს პატარიძე.

 ექიმი მაკა იოსელიანი აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას დიაგნოზიდან გამომდინარე პათოლოგია საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას.

იყო ხანგრძლივი საუბარი. დაწვრილებით საუბარი იყო ქალბატონი ელენეს მდგომარეობაზე.რატომ შეიცვალა დიაგნოზი, რა საფუძველზე შეიცვალა დიაგნოზი. რა სჭირდება პაციენტს იმისთვის, რომ ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა. შევთანხმდით, რომ დილით შევალთ პაციენტთან და 14:00 საათზე, ისევ ამ დაწესებულებაში შევხვდებით დეტალურად დასაზუსტებლად, თუ რა არის აუცილებელი, რომ პაციენტი ელენე ხოშტარია იყოს კარგად", - განაცხდა ექიმმა და დასძინა, რომ "პათოლოგია საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას".

შეგახსენებთ, პარტია „დროამ“ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და მისი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივი გადაყვანაა საჭირო. პარტიის განცხადებით, რევმატოლოგის შეფასებით, დაავადება პროგრესირებს, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია.