მილიონები ციხის ტენდერიდან - კორუფციის მკვლევარები ეჭვობენ, რომ ირაკლი ლეთოდიანის კომპანიას სუს-ი ლობირებს

29.06.26 18:22
მილიონები ციხის ტენდერიდან - კორუფციის მკვლევარები ეჭვობენ, რომ ირაკლი ლეთოდიანის კომპანიას სუს-ი ლობირებს

 

 

 

როგორ მოხვდა 152-მილიონიანი ტენდერი სუს-ის ყოფილი "ოდეერის" (ОДР) ხელში - კორუფციის მკვლევარები ეჭვობენ, რომ კომპანიას, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს ციხეების კვება ჩააბარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ლობირებს. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე აღნიშნავს, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ხელოვნურად შექმნა პროცესი, რომ მოეძებნა გადაუდებელი აუცილებლობით კომპანია, რომელსაც რეალურად არ ჰქონდა იმის გამოცდილება, რომ შემდეგ დიდ ტენდერში მიეღო მონაწილეობა.

მისივე თქმით, "ამის უკან დგანან საერთოდ სხვა ადამიანები, რომლებიც სარგებელს იღებენ ამ ტენდერიდან.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შექმნა ხელოვნური გადაუდებელი აუცილებლობა, ანუ ხელოვნურად შექმნა პროცესი, რომ მოეძებნა გადაუდებელი აუცილებლობით კომპანია, რომელსაც რეალურად არ ჰქონდა იმის გამოცდილება, რომ შემდეგ დიდ ტენდერში მიეღო მონაწილეობა. ეს პიროვნება, რომელიც თავისივე განცხადებით, არის სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, სინამდვილეში შესაძლებელია, რომ საერთოდაც არ იყოს ყოფილი თანამშრომელი და მისი თანამდებობა, რაც ადრე მას ეკავა, ეს არის "ოდეერი" (ОДР), რაც ნიშნავს სხვა სამსახურებში მივლინებას, ასე იყო სხვა სამსახურში მივლინებული და ჩანერგილი, შესაძლებელია და არის საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ეს არის უბრალოდ წილის მაკონტროლებელი და ზოგადად პროცესის მაკონტროლებელი ამ კომპანიაში და ეს კომპანიის მეწილეები და დირექტორები არიან ფიქტიური ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ამ დოკუმენტაციას ხელს აწერენ.

ამ ყველაფერს აკონტროლებს ისევ სუს-ი და ამის უკან დგანან საერთოდ სხვა ადამიანები, რომლებიც სარგებელს იღებენ ამ ტენდერიდან. პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეიცვალა, შეიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შეიცვალა მისი მოადგილეები, ანუ "ქართულ ოცნებაში" გადალაგდა თამაშის წესები. შესაბამისად ამ თამაშის წესებს სჭირდებოდა კარგი მაკონტროლებელი და ეს მაკონტროლებელი მოძებნეს. 

ამ კომპანიას პირდაპირ ლობირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური," - ამბობს ბესო დონაძე. 

პოლიტიკოსი საბა ბუაძე აღნიშნავს, რომ  კითხვებს პასუხი სუს-მა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა უნდა გასცენ. 

როდესაც უდიდესი მოცულობის ტენდერი ხვდება სუს-ის მაღალჩინოსნის კომპანიის ხელში და თან ხვდება იმ ფორმით, რომ ფაქტობრივად მათთვის სასათბურე პირობები შექმნა ამ თვეების განმავლობაში, რასაკვირველია, აბსოლუტურად ლეგიტიმურია ის კითხვა, რომ ხომ არ ხდებოდა ამ ტენდერების სპეციალურად მორგება ამ ადამიანის კომპანიაზე და რასთან გვაქვს საქმე - ამას უნდა უპასუხოს თავად პენიტენციურმა სამსახურმაც და ამავდროულად უნდა უპასუხონ სუს-მა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა, რომელთა პასუხისმგებლობაც არის ამ ქვეყანაში კეთილსინდისიერი და გამჭვირვალე ფუნქციონირება სახელმწიფო ინსტიტუტების, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ კორუფციულ კითხვის ნიშნებზე პასუხები არ არსებობს," - თქვა საბა ბუაძემ.