ხაინდრავა "ფორმულას" წინააღმდეგ - საია დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება

29.06.26 23:06
ხაინდრავა "ფორმულას" წინააღმდეგ - საია დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) გადაცემა "შაბათის ფორმულაში" გასული სიუჟეტის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება.

ორგანიზაცია წერს, რომ მოცემულ საქმეში მნიშვნელოვანია დაისვას შეკითხვა, საერთოდ არსებობდეს თუ არა ცრუ დასმენის შემადგენლობა და გამოძიების დაწყება ხომ არ არის საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართ სხვა ფარული განზრახვის განსახორციელებელი საშუალება?!

საია აღნიშნავს, რომ ეჭვის გამოთქმა ან საგამოძიებო ორგანოებისადმი ფაქტების გადამოწმებისკენ მოწოდება ვერ ჩაითვლება ცრუ დასმენად. ჟურნალისტი არ ანაცვლებს გამოძიებას, არამედ სწორედ კომპეტენტურ ორგანოს მოუწოდებს, შეისწავლოს ფაქტები და თავად დაადგინოს, არსებობს თუ არა დანაშაულის ნიშნები.

საია-ს განცხადებით, ჟურნალისტის მხრიდან მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში გაკეთებული განცხადების გამოძიების საგნად ქცევის პრაქტიკა ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამოყენებულ იქნეს კრიტიკული ჟურნალისტიკის შესაზღუდად და არა მართლმსაჯულების ინტერესების დასაცავად.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  ეხმიანება საქართველოს პროკურატურის მიერ 17 ივნისს გაკეთებულ განცხადებას, კერძოდ -  „2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.“

საყურადღებოა, რომ პროკურატურაში აღნიშნული გამოიება 5 თვის წინ საჯაროდ გასული სიუჟეტის საფუძველზე დაიწყო. ამასთან სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ გიორგი ხაინდრავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ფორმულას წინააღმდეგ, სამოქალაქო წესით ხაინდრავა ტელეკომპანია ფორმულას მასზე ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციის გავრცელებას ედავება. აღნიშნულთან დაკავშირებით 29 ივნისს საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი. 

საიას შეფასებით, ხსენებული გარემოებები წარმოშობს სერიოზულ კითხვებს გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევის დასაშვებ ფარგლებთან დაკავშირებით.

ქაშიაშვილის პროკურატურაში დაბარებას  საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) გამოძიება საგამოძიებო ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ზეწოლის მცდელობად შეაფასა, ხოლო ევროპის საბჭოს მედიის დაცვის პლატფორმამ საქმეზე განგაშის სიგნალი აამოქმედა. 

ის გარემოება, რომ მედიასაშუალების მიერ მომზადებულ სიუჟეტში გაჟღერდა ინფორმაცია პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, თავისთავად ვერ იქნება ცრუ დასმენის ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების საკმარისი სამართლებრივი საფუძველი. მით უფრო, როდესაც გავრცელებული ინფორმაცია ეხება საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს და არ წარმოადგენს კომპეტენტური ორგანოების ფუნქციის ჩანაცვლებას, არამედ ემსახურება საზოგადოების ინფორმირებასა და შესაძლო ფაქტების გასაჯაროებას. ასეთ პირობებში სისხლის სამართლის მექანიზმის გამოყენება განსაკუთრებულად მკაცრ დასაბუთებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რეალური საფრთხე, რომ ის გამოყენებულ იქნეს მედიის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისა და ჟურნალისტებზე მსუსხავი ზემოქმედების ინსტრუმენტად. 

ამასთან, საყურადღებოა, რომ საგამოძიებო ორგანოები, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ვალდებულება შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყონ გამოძიება და გამოძიების ფარგლებში დაადგინონ ადგილი ჰქონდა თუ არა დანაშაულის ჩადენის ფაქტს არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მყისიერად არ იწყებენ გამოძიებას და აღნიშნულს გაურკვეველი სამართლებრივი პროცედურებით ანაცვლებენ. თუმცა ფორმულას შემთხვევაზე საგამოძიებო ორგანოებმა არა მხოლოდ გამოძიება დაიწყეს არამედ საკუთარი Facebook გვერდის მეშვეობით განცხადებაც გაავრცელეს, ამავე განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, დაინტერესდება თუ არა საგამოძიებო ორგანო ამავე გადაცემაში გასული სხვა ინფორმაციით.

მედიის ამოცანას წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების გამოვლენა, საჯარო ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი და ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტების მიერ შესაძლო სამართალდარღვევებზე ან/და დანაშაულზე საუბარი და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისადმი რეაგირებისკენ მოწოდება მათი პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაში ექცევა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მედია ასრულებს „საზოგადოებრივი გუშაგის” (public watchdog) ფუნქციას. პრესის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად ქვაკუთხედს და ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევა განსაკუთრებულად მკაცრ შეფასებას საჭიროებს, რადგან ასეთ ჩარევას შეუძლია მედიის მიერ საზოგადოებრივი გუშაგის ფუნქცია მნიშვნელოვნად შეასუსტოს. გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება მედიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. პოლიტიკოსებთან და საჯარო პირებთან მიმართებით გამოხატვის თავისუფლების დაცვის ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირებთან დაკავშირებით.

სისხლის სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება ჟურნალისტის წინააღმდეგ კიდევ უფრო აუარესებს გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობას საქართველოში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2025 წლის 26 ივნისს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ,,სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონში, რითად საფუძვლიანად შესუსტდა ცილისწამებასთან დავაკშირებით კანონმდებლობა. ეს ცვლილებები მოიცავდა კვალიფიციური პრივილეგიის გაუქმებას, ცილისწამების განმარტებიდან ზიანის კომპონენტის ამოღებას, მტკიცების ტვირთის მოპასუხის მხარეს გადატანას და ჟურნალისტის წყაროს საიდუმლოების დაცვის გარანტიების გაუქმებას. ამასთან ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ე.წ SLAPP საქმეები ყოველდღიურობად იქცა, ხოლო სასამართლოების მიდგომა ამ დავებზე პრობლემურია. 

მოცემულ საქმეში მნიშვნელოვანია დაისვას შეკითხვა, საერთოდ არსებობდეს თუ არა ცრუ დასმენის შემადგენლობა და გამოძიების დაწყება ხომ არ არის საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართ სხვა ფარული განზრახვის განსახორციელებელი საშუალება?! ცრუ დასმენა მოითხოვს, რომ პირმა შეგნებულად, მისთვის წინასწარ ცნობილი სიცრუის საფუძველზე, კონკრეტულ პირს დანაშაულის ჩადენა დააბრალოს და მიზნად დაისახოს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. მხოლოდ შესაძლო დანაშაულზე საუბარი, ეჭვის გამოთქმა ან საგამოძიებო ორგანოებისადმი ფაქტების გადამოწმებისკენ მოწოდება ვერ ჩაითვლება ცრუ დასმენად. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი არ ანაცვლებს გამოძიებას, არამედ სწორედ კომპეტენტურ ორგანოს მოუწოდებს, შეისწავლოს ფაქტები და თავად დაადგინოს, არსებობს თუ არა დანაშაულის ნიშნები. 

განსაკუთრებულ მითითებას საჭიროებს ის გარემოება, რომ გამოძიება საგამოძიებო  სიუჟეტის საფუძველზე დაიწყო. შესაბამისად, ადგილი აქვს ჟუნალისტის მხრიდან მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში გაკეთებული განცხადების გამოძიების საგნად ქცევას. ასეთი პრაქტიკა ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამოყენებულ იქნეს კრიტიკული ჟურნალისტიკის შესაზღუდად და არა მართლმსაჯულების ინტერესების დასაცავად," - წერია საია-ს განცხადებაში.