ელისაშვილის საქმე - დღევანდელ პროცესზე დაკავებული პოლიტიკოსის მამა გამოიკითხა
ელისაშვილის საქმე - დღევანდელ პროცესზე დაკავებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის მამა გამოიკითხა.
ვალერი ელისაშვილმა დეტალურად მოუყვა სასამართლოს რა მოხდა იმ დღეს, როდესაც გაიგო, რომ მისი შვილი დააკავეს.
მისი თქმით, საგამოიძებო უწყების თანამშრომელმა, რომელმაც შვილის დაკავება შეატყობინა, სულ სხვა მიზეზი დაუსახელა, ტელევიზიით კი გაიგო, რომ ალეკოს ტერაქტის მოწყობას ედავებოდნენ.
მირეკავს უცხო ახალგაზრდა კაცის ხმა, თქვენი შვილი სასამართლოს ტერიტორიაზე დააკავესო. რისთვის, მე ვუთხარი, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, დილის 7 საათზე ამ ადამიანმა გამაგებინა ეს ამბავი და სადრაც რამდენიმე საათში გამოდის ბატონი პაპუაშვილი- ალექსანდრე ელისაშვილი დაკავებულია ტერორიზმის, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვისო. ჩემებურად გავეცი გულში პასუხი, ვერ გაიგონებდა ტელევიზორში, მაგას რომ სამშობლო უყვარს, ნეტა მაგას უყვარდეს ჩემი ქვეყანა. ალეკო ელისაშვილი 1992 წელს 14 წლის იყო, 15 წლის უკან გავიგე, მილიციის თანამშრომლებს დაუკავებიათ, მიდიოდა აფხაზეთის ომში, მოაბრძანეს უკან. მაშინ ბატონი პაპუაშვილი და მისნაირები, სად იყვნენ მაინტერესებს, - ამბობს ვალერი ელისაშვილი.
ცნობილია, რომ ალეკო ელისაშვილს მეორედ დასდეს ბრალი ტერორისტულ აქტში. ორივე საქმე სასამართლოს შენობას უკავშირდება. არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკოსი ბრალს არ აღიარებს.
ახალ საქმეზე პროკურატურის მთავარი “მოწმეები” სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები არიან, რომლებმაც პროკურატურის მტკიცებით, ელისაშვილის სუნი სხვებისგან გამოარჩიეს:
- ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
- პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.