ზიანის ასანაზღაურებელ თანხაზე შეთანხმება ჯერ მსჯავრდებულებს შორის უნდა მოხდეს - ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი
ჯარის ძარცვის საქმე - ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, მარიამ შათირიშვილი ამბობს, რომ ზიანის ასანაზღაურებელ თანხაზე (საუბარია 10 მილიონზე) შეთანხმება ჯერ მსჯავრდებულებს შორის უნდა მოხდეს.
უფლებადამცველის თქმით, როდესაც ეს შეთანხმება მოხდება, დაცვის მხარე პროკურატურას ხელახალი განცხადებით მიმართავს საპროცესო შეთანხმების შესახებ.
4 მსჯავრდებულის მიერ არის ასანაზღაურებელი როგორც სასამართლომ დაადგინა ზიანი, მიყენებული თავდაცვის სამინისტროსთვის. ბუნებრივია, უნდა მოხდეს შეთანხმება ჯერ მსჯავრდებულებს შორის - რომ პროცედურული ნორმების დაცვით მოხდეს ყველაფერი, მიმდინარეობს ამაზე მოლაპარაკება.
არა მსაჯვრებულები არ მსჯელობენ 10 მილიონიდან ვინ რამდენს გადაიხდის, ამაზე ვმსჯელობთ ჩვენ ჯერ ადვოკატები, პოზიციებს ვათანხმებთ მსჯავრდებულებთან. ყველა მსჯავრდებულის ადვოკატი რომ შეათანხმებს პოზიციას ერთმანეთში, ამის შემდეგ მივმართავთ ხელახალი განცხადებით, დაზუსტებული პირობებით საპროცესო შეთანხმების თაობაზე. მსჯელობა მიმდინარეობს ყველაფერზე, მათ შორის რეალურ სასჯელზე და მათ შორის არასაპატიმრო სასჯელზე", - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
- მისი განაჩენით ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, ჩამოერთვა ქონება - ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი და 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.
- ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.