"პროკურატურამ უკვე სამჯერ გამოიტანა დადგენილება, რომ შეზღუდული ჰქონდეს ელისო კილაძეს არა მარტო მიმოწერა, არამედ პაემანი, სატელეფონო ზარი, კორესპონდენცია" - ადვოკატი
"პროკურატურამ უკვე სამჯერ გამოიტანა დადგენილება, რომ შეზღუდული ჰქონდეს ელისო კილაძეს არა მარტო მიმოწერა, არამედ პაემანი, სატელეფონო ზარი, კორესპონდენცია" - ამის შესახებ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა "ნეტგაზეთთან" განაცხადა.
- ელისო კილაძეს უკვე 4 თვეა შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარების განხორციელების, მიმოწერისა და შეხვედრის უფლება.
ადვოკატის თქმით, დადგენილებებში პროკურატურა უთითებს, რომ არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე.
პროკურატურამ უკვე სამჯერ გამოიტანა დადგენილება, რომ შეზღუდული ჰქონდეს ელისო კილაძეს არა მარტო მიმოწერა, არამედ პაემანი, სატელეფონო ზარი, კორესპონდენცია. კანონში არის ასეთი რამ, სისხლის სამართლის პროცესში, რომ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია დროებით იქნეს ეს ღონისძიება გამოყენებული, მაგრამ დროებითი ნიშნავს ერთ თვეს, კანონი ასე ამბობს. შემდეგ არ უნდა გაგრძელდეს უსაფუძვლოდ ეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთხოვთ საფუძვლებს, ვუსაჩივრებთ პროკურატურას ამ დადგენილებებს, რეაგირება ამას არ აქვს," - ამბობს ვალერი გელბახიანი.
უფლებადამცველის თქმით, ერთ-ერთ პასუხში პროკურატურამ განაცხადა, რომ ელისო კილაძე ცნობილი ჟურნალისტია და "მაგას რომ მივცეთ მიმოწერისა და კომუნიკაციის თავისუფლებაო, ეგ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ უდანაშაულოაო".
ამასთან, დღეს ელისო კილაძის შვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "დედას შვილთან დაარეკინეთ! სულ გაგიჟდით?... მიეცით პატიმარ ელისო კილაძეს კანონით გათვალისწინებული ზარის განხორციელების უფლება. მე, საქართველოს მოქალაქეს, მომეცით შესაძლებლობა, სატელეფონო ზარით მაინც გავესაუბრო პატიმარ დედას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ!".
ელისო კილაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩაში 18 თებერვალს დააკავეს.
„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ელისო კილაძე დაკავების პირველივე დღიდან ამბობს, რომ ის მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია.
ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.
კილაძის საქმის წარმოება ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი - სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.