უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით 50 უცხოელი არალეგალი დააკავეს.
უწყების ცნობით, მათ შორის არიან - ინდოეთის, ვიეტნამის, თურქმენეთის, რუსეთის, ყირგიზეთის, სუდანის პაკისტანის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, იორდანიის, ნიგერიის, ბანგლადეშის, უგანდისა და კენიის მოქალაქეები.
შსს-ს თანახმად, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.