26 შემომწირველი და 800 000 ლარი - როგორ ივსება "ოცნების" პარტიული ყულაბა
როგორ ხვდება სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხები პარტიულ სალაროში - ამ საკითხზე მონაცემები „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ შეაგროვა. ორგანიზაციის ინფორმაციით, აპრილში „ქართულ ოცნებას“ 26-მა მოქალაქემ ჯამში 763 ათასი ლარი შესწირა.
მათგან 21, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, პარტიის ერთგული შემომწირველი და ბიზნესმენია, რომელთა კომპანიებს სახელმწიფოსგან 17 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვები აქვთ მიღებული. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა სავარაუდო გარიგებაზე მიუთითებდეს.
მკვლევარების განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვები არ არის ერთადერთი სარგებელი, რომელსაც მმართველი პარტიის შემომწირველები იღებენ. მათი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ დონორებმა და მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წლიდან ერთ მილიონ ლარზე მეტი აგროსუბსიდია, ხოლო 700 ათას ლარზე მეტი პროგრამა „აწარმოე საქართველოდან“ მიიღეს. ორგანიზაცია ასევე მიუთითებს სამშენებლო ნებართვებზე - ბათუმში, მათი ინფორმაციით, საუბარია სულ მცირე ორ მაღალსართულიან პროექტზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, ბოლო თვეებში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის განსაკუთრებით ბევრია აჭარიდან. მხოლოდ ამ რეგიონიდან „ქართულმა ოცნებამ“ მილიონ ლარზე მეტი მიიღო. ოპოზიცია აცხადებს, რომ თანხების ჩარიცხვა ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და მოითხოვს, დადგინდეს, იყო თუ არა ეს შემოწირულობები მოქალაქეების პირადი სახსრები, თუ თანხა მათ მესამე პირებმა გადასცეს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.