"ანაკლია შეიძლება მკვდრადშობილ ბიზნესად იქცეს" - რას ამბობენ ექსპერტები

06.07.26 18:20
"ანაკლია შეიძლება მკვდრადშობილ ბიზნესად იქცეს" - რას ამბობენ ექსპერტები

ექსპერტები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, პროექტის მოდელი შეიცვალა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს. 

ეკონომისტი, გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ ეს სავარაუდოდ ანაკლიის პროექტისთვის განაჩენია და ბოლო, მინიმუმ 8-10 წელი, "ქართულმა ოცნებამ" თავის თამაშებს გადააყოლა".

პირველი, ჩინელების ისტორია იყო ბლეფი, როგორც ჩანს, რაღაც როლი ჰქონდა ამ ბლეფს, თავისი როლი ითამაშა, დღეს უკვე აღარავის აღარ აინტერესებს და მე შემიძლია მოგცეთ პირობა ამ ccc ჯგუფზე ჩვენ აღარასდროს აღარაფერს აღარ გავიგებთ. 

მეორე, როგორც ჩანს, ამერიკელების განცხადებები "ქართული ოცნების" მიმართ, დახურულ კარს მიღმა, იყო ძალიან მკაცრი.

მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის უნარი "ქართული ოცნების" ააშენოს და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელოს.

სავარაუდოდ, განაჩენია ეს ანაკლიის პროექტისთვის. ეს ბოლო, მინიმუმ 8-10 წელი, "ქართულმა ოცნებამ" ამ თავის თამაშებს გადააყოლა, ვინ იხდის ამ თამაშების ფასს? - ამ თამაშების ფასს იხდის სახელმწიფო ბიუჯეტი, ანუ ვიხდით ჩვენ, გადასახადების გადამხდელები. 

ვერც ამერიკა ვერ დავაინტერესეთ და პირიქით, გავაგდეთ აქედან, ვერც ევროკავშირი ვერ დავაინტერესეთ ანაკლიით, ვერც ჩინელები. ეს არის საბოლოო შედეგი ამ გეო-პოლიტიკური ავანტურების, რომ ყველას როდესაც ატყუებ, ბოლოს შენ დარჩები მოტყუებული," - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა. 

"ანაკლია შეიძლება მკვდრადშობილ ბიზნესად იქცეს" - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე მთავრობის განცხადებას და ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა. 

ჩინელებმა ანაკლიის აშენებაზე უარი განაცხადეს, ფაქტობრივად მოგვატყუეს, სამი წლის განმავლობაში შეასრულეს რუსეთის დაკვეთა და ანაკლიის პორტი უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ გამოგვიცხადა, რომ თურმე ანაკლიის პორტს თავად ააშენებს. აშენება არ არის ძნელი, მართვაა ამის ძალიან ძნელი. აქ ფინანსები კი არ არის მთავარი, მთავარია პორტის სამომავლო სიცოცხლისუნარიანობა, დიდი დროის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროის დაკარგვის, უცხოელი ინვესტორის არარსებობისა და რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლის შემდეგ ანაკლია შეიძლება მკვდრადშობილ ბიზნესად იქცეს. "ოცნების" მთავრობამ ჩაიდინა დანაშაული," - ამბობს რომან გოცირიძე. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - ნავსადგური "ლენდ ლორდის" მოდელით აშენდება.

მსგავსი სიახლეები