კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის.
როგორც სააგენტო წერს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს.
საკითხის შესწავლის მიზნით, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება - ნათქვამია გავცრელებულ ინფორმაციაში.
მანამდე ლამარიას მონასტერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამ.
„როგორც მოგეხსენებათ, „ლამარიას“ მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ეს კარგად გაცნობიერებული გვაქვს ადგილობრივ ეპარქიასაც.
ადგილზე, სადაც დღეს მშენებლობა მიმდინარეობს იდგა უსახური ტიპის შენობა, სამი მხრიდან თუნუქის დაჟანგებული ფირფიტებით შემოსილი, ასევე, წინა მხარეც ადგილმდებარეობისათვის შეუფერებელი იყო.
მიუხედავად შენობის ამ მიუღებელი მდგომარეობისა, ეპარქიის მმართველმა - მიტროპოლიტმა ილარიონმა, რომ არ მომხდარიყო ძეგლზე ახალი ჩარევა გადაწყვიტა, რომ ამავე შენობის ფართში აღედგინა ისტორიულად არსებული მონასტრული ცხოვრება და იქ მონაზვნები დაამკვიდრა საცხოვრებლად.
რამდენიმე უმძიმესი ზამთრის გადატანის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მონაზვნების ცხოვრების გაგრძელება არსებულ შენობაში შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ გადაწყდა, იმავე ფართზე აშენებულიყო ახალი შენობა, რომელიც „ლამარიაზე“ მონასტრული ცხოვრების გაგრძელებას შესაძლებელს გახდიდა და მონაზვნების ჯანმრთელობაც დაცული იქნებოდა.
ეპარქიის და მისი წინამძღოლის მთავარი ინტერესი იყო, რომ ახალ შენობაში გათვალისწინებული ყოფილიყო „ლამარიის“ მთავარი თვისება - არქიტექტურისა და ლანდშაფტის ორგანული შერწყმა და კავშირი, ამისთვის შენობის სიმაღლემ, წინა ნაგებობისგან განსხვავებით საგრძნობლად დაიწია და ალბათ, ყველა დავეთანხმებით ამ პირობას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი „ლამარიაზე“ სიმაღლის ფაქტორის დაცვაა, რომ არანაირმა ნაგებობამ არ დაარღვიოს ბუნებისა და ადამიანის შექმნილი ულამაზესი პროპორციები.
პროექტის მიხედვით, მშენებარე საცხოვრისი წარმოადგენს სვანური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მცირე დარბაზულ ნაგებობას და პროფილიც დამუშავებული იქნება შესაბამისი სვანური ტრადიციით, ფიქალი ქვით.
ასევე, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს მიერ დაჩქარებულ მოვლენებს, რადგან უშგულში ბუნება სამშენებლო პერიოდად მხოლოდ სამ თვეს თუ გაცლის. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ იურიდიული მიმართულება ცოტა ჩამოგვრჩა და ამ კვირაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაიგზავნება საპროექტო წინადადება, ასევე მას განიხილავს საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოც“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ განცხადება „ჩაიხანის“ მიერ მომზადებული მასალის გამოქვეყნების შემდეგ გაავრცელა.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები თანამედროვე სამშენებლო მასალით მიმდინარეობს და უძველეს ტაძართან სატრაპეზოების და კელიების მოწყობა ხდება.