8 პოლიტიკოსის საქმე - რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე

09.07.26 15:34
8 პოლიტიკოსის საქმე - რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტიკოსის დღევანდელი პროცესი დასრულდა. დღეს, სხდომაზე 4 მოწმე დაიკითხა, მათ შორის 2 პოლიციელი, 2 კი ექსპერტი.

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მოწმეებიდან ერთ-ერთმა პრაქტიკულად ვერაფერი თქვა, გარდა იმისა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მანიფესტაციაზე იმყოფებოდა. 

ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ამ პროცესს გარდა იმისა, რომ ეს არის "უპრეცედენტო პოლიტიკური დევნა", სხვა კვალიფიკაცია არ შეიძლება ჰქონდეს. 

რაზეც არ არსებობს პრეცედენტი არის ის, რომ ჟესტიკულაციის გამო, მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ლიდერების. თან ჟესტიკულაციის გამო, რომლის გამეორებას მოწმე პოლიციელები ვერ ახერხებენ, ვერ ამბობენ, თუ როდის იყო ეს ჟესტიკულაცია, რაში იყო გამოყენებული. დღეს იყო ორი პოლიციელი წარმოდგენილი, აქედან ერთმა პრაქტიკულად არაფერი თქვა. თქვა, რომ ვიყავით მანიფესტაციაზე, ოღონდ არ ახსოვს, რომელ რიცხვში ვიყავით. მეორემ ისევ ჟესტიკულაციაზე ისაუბრა სხვა პოლიტიკური ლიდერების მიმართ. ასე, რომ არაფერი არ შეიცვლება და ვერ შეიცვლება, იმიტომ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. სხვა კვალიფიკაცია იმის გარდა, რომ ეს არის მართლაც უპრეცედენტო, თავისი აბსურდულობით, პოლიტიკური დევნა სხვა კვალიფიკაცია არ შეიძლება ამ პროცესს მიეცეს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, სხდომაზე ექსპერტები ყვებოდნენ, რომ ერთი ვიდეო მეორეს შეადარეს, იყო თუ არა მისი ხმა. ხოლო მოწმე-პოლიციელი ამბობდა, რომ პოლიტიკოსები ხალხს ჟესტიკულაციითა და სიტყვით მოუწოდებდნენ, "მივაწვეთ და დაიღლებიან".

ბოლო მოწმეები არაფერი არ იყო, ექსპერტები იყვნენ და ყვებოდნენ, რომ დაადარეს ერთმანეთს რაღაც ვიდეოები - იქაც ჩემი ხმა იყო და აქაც ჩემი ხმა იყო თუ არა, თუ რაღაც მსგავსი. ჩემი ხმ აარის, თქვენი ეთერებიდან არის ჩანაწერები. მე და ვაშაძეს დაგვადო ერთმა ხელი, მეორემ სხვებს დაადო. [ამბობდა], რომ ვითომ "ჟეშტიკულაციით", ასე წერია ჩვენებაში, ზეპირადაც ასე თქვა, რომ "ჟეშტიკულაციით" და სიტყვიერად მოვუწოდებდით ხალხს, რომ მივაწვეთ და დაიღლებიან, რაც სისულელეა," - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

უფლებადამცველი, ზვიად კორძაძე აღნიშნავს, რომ მოწმემ სასამართლო დარბაზში განაცხადა - ""პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ ხალხისადმი სიტყვით მიმართვით"​. ადვოკატი ამბობს, რომ ეს დღევანდელი პროცესის "ყველაზე მძიმე" ბრალდება იყო. 

მოწმემ ასეთი რაღაც ბრძანა, რაც ბრალდების ერთ- ერთი მაკვალიფიცირებელია. მოწმემ თქვა, რომ "პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ ხალხისადმი სიტყვით მიმართვით". ეს იყო დღევანდელ პროცესზე ყველაზე "მძიმე ბრალდება" და შევეცდებით გავაბათილოთ. არაო, არ გამიგონია არაფერიო, მაგრამ გამოირჩეოდნენო," - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, ქეთევან ჩომახაშვილის თქმით, მას გამმართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვს, ხოლო საქმის განხილვა სავარაუდოდ თვის ბოლოს დასრულდება. 

მე პირადად მაქვს მოლოდინი, რომ ამ თვის ბოლოს ამ საქმის განხილვა დასრულდება და განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, რომ გამამართლებელი განაჩენი გამოვა, ყველა ვხედავთ როგორ მიმდინარეობს პროცესები და დაახლოებით ვხვდებით რაც იქნება შედეგი. დღეს დაიკითხა ორი მოწმე-პოლიციელი და ორი ექსპერტი, ერთი რევიზორი და ერთი სხვა ექსპერტი, რაიმე განსაკუთრებული ნიკა გვარამიას ნაწილში არ იყო, უბრალოდ ერთ-ერთმა ახსენა, რომ დაინახა ის აქციაზე, რას ამბობდა არ იცის," - თქვა ქეთევან ჩომახაშვილმა. 

საქმის პროკურორი, ანი ხუბეჯაშვილი ვერ ასახელებს კონკრეტულ პერიოდს, თუ როდის დასრულდება 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვა. 

როგორც ხედავთ და ცალსახაა ის, რომ ბრალდების მხარე აქტიურად მუშაობს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყოველ პროცესზე, როგორც ეს სასამართლომ განსაზღვრა, იკითხება მინიმუმ 4 მოწმე და ამ გრაფიკით ვაგრძელებთ საქმის განხილვას. ვერც ამ ეტაპზე გეტყვით კონკრეტულ პერიოდს. შემდგომ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ კვლავ მოწმეთა დაკითხვით გავაგრძელებთ და შემდგომ ეტაპზე გეტყვით ასევე, რა მოცემულობით და რიგითობით გავაგრძელებთ მტკიცებულებების [გამოკვლევას]," - ამბობს ანი ხუბეჯაშვილი.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები