HRW: "ოცნების" ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებს
საქართველოს ხელისუფლების მიერ რეპრესიული კანონების და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის გამოძიებების გამოყენება ანადგურებს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას და ახშობს კრიტიკულ ხმებს - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ახალ ანგარიშშია ნათქვამი.
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია დაწვრილებით მიმოიხილავს 2024 წლიდან რა ზომებს მიმართა და რა პროგრესს მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“, რომ მის მიმართ კრიტიკული ხმები ჩაეხშო.
Human Rights Watch ამბობს, რომ "საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს, დაფინანსების შეზღუდვებს და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დასაშლელად".
ანგარიშში წერია, რომ "ახალი კანონები პრაქტიკულად ყველა უცხოურ დაფინანსებას მკაცრ სამთავრობო კონტროლს უქვემდებარებს, აკისრებს სტიგმატიზებულ „უცხოელი აგენტის“ იარლიყებს და აქტივისტებსა და დამოუკიდებელ ჯგუფებს მკაცრი ჯარიმებითა და თავისუფლების აღკვეთით ემუქრება".
ორგანიზაცია ამბობს, რომ მთავრობამ უნდა გააუქმოს ეს გაუმართლებელი სამართლებრივი ზომები და დამოუკიდებელ ჯგუფებს საშუალება მისცეს იმოქმედონ გაუმართლებელი ჩარევის გარეშე. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ რეაგირება რეპრესიების ხარჯების გაზრდით, მათ შორის სანქციების გზით, და სასწრაფოდ გააფართოვონ დამოუკიდებელი ჯგუფების მხარდაჭერა.
2024 წლიდან საქართველოს მმართველმა პარტიამ მიიღო კანონები, რომლებიც აწესებს სტიგმატიზებულ რეგისტრაციის მოთხოვნებს, სახელმწიფო ინვაზიურ ზედამხედველობას, დაფინანსების შეზღუდვებს და სისხლისსამართლებრივ სანქციებს უცხოური დაფინანსების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ფიზიკურ პირებსა და მედია საშუალებებზე. ხელისუფლებამ ასევე დაიწყო გამოძიება აქტივისტებისა და უფლებადამცველების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოური მედიისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო და გაყინა ცნობილი სამოქალაქო ჯგუფების საბანკო ანგარიშები საეჭვო სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში 2024 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ.
საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის, ჰიუ უილიამსონის განცხადებით, „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი საქმიანობის საფრთხედ აღქმა“.
მისი თქმით, "საქართველოს ხელისუფლების მიზანი კრიტიკული ხმების ჩახშობა და ქვეყნის ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაა - ამ მიზნის მიღწევაში ის საგანგაშო პროგრესს აღწევს".
ქმნის ისეთ სისტემას, რომელშიც დამოუკიდებელ ორგანიზაციებს აღარ შეუძლიათ უსაფრთხოდ ფუნქციონირება, დაფინანსების შენარჩუნება და იმ საზოგადოებების მხარდაჭერა, რომლებსაც ისინი სჭირდებათ და რომლებიც მათზე წლების განმავლობაში იყვნენ დამოკიდებული“, -განაცხადა ჰიუ უილიამსონმა.
- Human Rights Watch-მა გამოკითხა 15 ქართველი აქტივისტი, იურისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომლებმაც აღწერეს, როგორ შექმნა უკიდურესად მტრულმა გარემომ მსუსხავი ეფექტი, სხვა შედეგებთან ერთად, გამოიწვია თვითცენზურა, თანამშრომლების გადინება, ორგანიზაციების ფინანსური კრიზისი, მოწყვლადი თემების წარმომადგენლები თავს იკავებენ, რომ დახმარებისთვის მიმართონ ორგანიზაციებს. Human Rights Watch-მა ასევე გააანალიზა ახალი კანონები და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები, ხოლო მათი აღსრულების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით ოფიციალური წერილებით მიმართა სახელმწიფო უწყებებს. HRW წერს, რომ ნაწილობრივი ინფორმაცია მიიღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან, ასევე გარკვეული მონაცემებიც - საქართველოს მთავრობისგან.
ორგანიზაცია ანგარიშში დაწვრილებით მიმოიხილავს შემდეგ კანონებს, მათი აღსრულების მექანიზმებს და მოტანილ შედეგებს:
2024 წლის კანონს, ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, იმავე „რუსულ კანონს“, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციების“ იარლიყს რომ აკრავს ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო დონორებიდან ფინანსდებიან.
2025 წლის აპრილში მიღებულ ცალკე კანონს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც კიდევ უფრო მეტ ბერკეტს აძლევს სისტემას და პრაქტიკულად ნებისმიერ ორგანიზაციას და პირს ეხება, ვინც რამე ფორმით თანამშრომლობს საერთაშორისო და უცხოელ აქტორებთან.
„გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც უცხოელ დონორებს გრანტების გაცემამდე საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღება ევალებათ, ხოლო ამ ნებართვის გარეშე უცხოური დაფინანსების მიღება სისხლის სამართლის დანაშაულად არის გამოცხადებული.
Human Rights Watch აღნიშნავს, რომ იცნობს რამდენიმე შემთხვევას, როდესაც ხელისუფლებამ გრანტების დამტკიცებაზე დონორებს უარი განუცხადა. მათ შორის არის 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების მონიტორინგისთვის ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერის პროექტი, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩოს უნდა დაეფინანსებინა. შალვა პაპუაშვილმა პროექტი საჯაროდ გააკრიტიკა, ბრიტანეთის საელჩოს კი ბრალი დასდო, რომ „ექსტრემიზმს, სიძულვილსა და პროპაგანდას“ აფინანსებდა. საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველოს ხელისუფლებამ სტატისტიკა მიაწოდა, რამდენი პროექტი დააფინანსეს, რამდენს უარი ეთქვა და რამდენი იყო ჯერ კიდევ განხილვის პროცესში. თუმცა უარი თქვეს გაეზიარებინათ ინფორმაცია, რა ტიპის პროექტების დაფინანსებას დათანხმდნენ და რა პროექტების დაფინანსებაზე უთხრეს უარი დონორებს.
HRW-ის ანგარიშში წერია, რომ ხელისუფლებამ ასევე გამოიყენა სისხლის სამართლის გამოძიებები დამოუკიდებელი ჯგუფების წინააღმდეგ. 2025 წლის მარტში მათ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სისხლის სამართლის გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2024 წლის ბოლოს უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები სახელმწიფოს „საბოტაჟის“ მცდელობას წარმოადგენდა. ინვესტიცია
ანგარიშის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ უფრო უნდა გაზარდოს საქართველოს ხელისუფლებაზეზეწოლა.
მთავრობასთან ნებისმიერი დიპლომატიური ჩართულობისას რეპრესიული კანონების სრული გაუქმება პროგრესის ცენტრალურ კრიტერიუმად უნდა იქცეს. ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა გააძლიერონ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ანგარიშვალდებულება ევროკავშირის დონეზე მიზნობრივი სანქციების დაწესებისთვის საჭირო ერთსულოვნების მიღწევით, მათ შორის რეპრესიული კანონების შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიმართ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ასევე სასწრაფოდ უნდა გააფართოვონ მოქნილი, საგანგებო და გრძელვადიანი მხარდაჭერა დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფებისთვის, მათ შორის იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მოქმედებენ შემზღუდველ პირობებში ან ემიგრაციიდან, განაცხადა Human Rights Watch-მა.
ორგანიზაციას მოჰყავს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული, თუმცა გამოუქვეყნებელი კვლევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების 100 წარმომადგენელთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეფუძნება. კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხული ორგანიზაციების 96% მწვავე ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა, ხოლო 94%-მა საქმიანობის მასშტაბი შეამცირა. ბევრმა მხოლოდ ძირითადი ფუნქციების შესრულება შეძლო, ნაწილმა კი საქმიანობა საერთოდ შეწყვიტა.
ახალმა შეზღუდვებმა აიძულა საია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული დახმარების ორგანიზაციაა, უფასო სამართლებრივი დახმარება შეეჩერებინა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რეგიონული ორგანიზაციები. თუ 2024 წელს 114 სათემო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, 2025 წელს საქმიანობას მხოლოდ 37 აგრძელებდა, მათგან ბევრი კი დახურვის ზღვარზე იყო.