თბილისის სილოსის დასაცავად მოსკოვის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა
მოსკოვის გამზირზე საპროტესტო აქცია იყო. სამოქალაქო აქტივისტები, არქიტექტორები და მოქალაქეები ნავთლუღის №5 წისქვილკომბინატის ტერიტორიაზე მდებარე თბილისის სილოსის შენობის დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თბილისში კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობა სათანადო დასაბუთების გარეშე ნადგურდება. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სილოსის შენობა დღეს მიტოვებული და უფუნქციოა, ნაგებობა დედაქალაქის ინდუსტრიული განვითარების მნიშვნელოვანი ისტორიული მოწმობა და ქალაქის არქიტექტურული მემკვიდრეობის ნაწილია.
აქციის მონაწილეები ნავთლუღის №5 წისქვილკომბინატის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა, სილოსს არქიტექტურისა და საინჟინრო ძეგლის სტატუსი მიენიჭოს, შენობა შენარჩუნდეს და მომავალში მას საზოგადოებრივი ფუნქცია დაეკისროს.
ჩვენ გვინდა, რომ ეს ინდუსტრიული მემკვიდრეობა ჩანდეს მაინც, იმისთვის, რომ უფრო კარგად გავაიზროთ ის ისტორია, როგორ გამოვიარეთ ეს გზა, დამოუკიდებლობის თუნდაც. და, თავისთავად უამრავი მაგალითი არსებობს თანამედროვე არქიტექტურაში, როცა ეს ინდუსტრიუალური სივრცე კულტურულ სივრცედ იქცევა, რაც უფორ მეტ მიმზიდველობას სძენს ამ ადგილს. ეს ადგილი ხომ სრულიად ინდუსტრიულია გარშემო, აქ არასდროს გაქანებული მშენებლობა არ იყო, გაცხოველებული მშენებლობა და როდესაც ამდენ სახლს აშენებ, იმაზეც უნდა იფიქრო, რომ შექმნა ის სივრცე, რომელიც მარტო საძილე სამეზობლოს არ გახდის ამ ადგილს, - ამბობს პროტესტის მონაწილე.