ევროსაბჭოს კომისარი სადიგოვის საქმეზე განმარტებას ითხოვს და აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს წერილით მიმართავს

09.07.26 16:06
ევროსაბჭოს კომისარი სადიგოვის საქმეზე განმარტებას ითხოვს და აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს წერილით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი  ჟურნალისტ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ განახლებული სისხლის სამართლის საქმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს - მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს, ოფიციალური წერილით მიმართავს.

ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს. 

ო’ფლაჰერტი ითხოვს განმარტებას, რა სამართლებრივი საფუძვლით განახლდა სადიგოვის წინააღმდეგ საქმე, რომელიც აზერბაიჯანის პროკურატურამ თავად შეწყვიტა 2026 წლის 1 აპრილს.

მაიკლ ო’ფლაჰერტი გენერალურ პროკურორს სთხოვს განმარტოს: რა სამართლებრივი საფუძვლით განახლდა შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმე; რა ახალი მტკიცებულებები ან გარემოებები გახდა საქმის ხელახლა გახსნის საფუძველი; რატომ მიიჩნია გამოძიებამ, რომ აუცილებელი იყო სადიგოვის წინასწარი პატიმრობა; როგორ არის უზრუნველყოფილი მისი ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს, ადვოკატთან წვდომისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლება.

კომისარი ასევე იხსენებს, რომ მან ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს წერილით მოუწოდა დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა ყველა უფლებადამცველი, ჟურნალისტი და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი, რომლებიც, მისი შეფასებით, კანონიერი პროფესიული საქმიანობის ან კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის გამო არიან დაპატიმრებულები, და შეეწყვიტა მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები.

წერილში აღნიშნულია, რომ ასეთი გარემოებები სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი განსაზღვრულობის, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლო თვითნებურობის შესახებ.

  • 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე დააკავა. მოთხოვნა უკავშირდებოდა მის წინააღმდეგ წაყენებულ სისხლის სამართლის ბრალდებას – გამოძალვას. მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის არ უნდა გადაეცათ, საქართველოს ხელისუფლებამ ის 2025 წლის 16 აპრილს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. 2026 წლის პირველ აპრილს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა, ხოლო 5 აპრილს აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში იყო დეპორტირებული. აზერბაიჯანში ის 8 ივნისს ისევ დააკავეს ძველი ბრალდების საფუძველზე.

მსგავსი სიახლეები